28 სექტემბერი 2026,   07:21
ვრცლად
განათლების მინისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა, განათლების სისტემაში შეტანილი წვლილისთვის ხაშურში ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა, განათლების სისტემაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ხაშურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.

მინისტრის მოადგილემ მასწავლებლებს მადლობა გადაუხადა წლების განმავლობაში გაწეული შრომისა და მოსწავლეებზე განსაკუთრებული ზრუნვისთვის. მან ასევე ისაუბრა მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობაზე და იმ განსაკუთრებულ როლზე, რომელსაც პედაგოგები საზოგადოების განვითარებაში ასრულებენ.

მისი თქმით, მინისტრის, გივი მიქანაძის ინიციატივაა, რომ განათლების სისტემაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ღვაწლმოსილი მასწავლებლების დაჯილდოება ყველა მუნიციპალიტეტში განხორციელდეს.

ღონისძიებას საქართველოს პარლამენტისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სასკოლო საზოგადოების წევრები და სასულიერო პირები ესწრებოდნენ.

27 ოქტომბერს, მასწავლებლის ეროვნულ დღეს, საზეიმო ღონისძიებაზე მასწავლებლის ეროვნული პრემიის კომისიის მიერ შერჩეულ 10 გამარჯვებულ პედაგოგს სპეციალურად შექმნილი სამკერდე ნიშანი და ფულადი ჯილდო გადაეცემა. წელს, პირველად, ღონისძიება ქუთაისში გაიმართება.

დღის ამბები