რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაზე დაკავებული 4 პირის სასამართლო პროცესი დღეს უნდა გაიმართოს. ნოდარ რუხაძეს, ზუკა ბერძენიშვილს, ლექსო მაჭავარიანსა და გიორგი მჟავანაძეს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის დაუმორჩილებლობას ედავებიან. ისინი გვიან ღამით საპატრულო პოლიციის დეპარტამენტიდან იზოლატორში გადაიყვანეს.
დაკავებულებთან იმყოფებოდნენ მათი ადვოკატები და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი. ადვოკატის თქმით, პოლიციის მხრიდან დაკავებულების მიმართ უხეში დამოკიდებულებას ჰქონდა ადგილი, რასაც ედუარდ მარიკაშვილის განმარტებით, შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.
"რა თქმა უნდა, პოლიციის მიერ ასეთი პრევენციული დაკავებები არის თავიდანვე უსაფუძვლო და უკანონო, ვინაიდან მათ არანაირი სამართალდარღვევა ამ შემთხვევაში არ ჩაუდენიათ. ოქმები შედგა კანონმდებლობის მიხედვით, ახლა გადაიყვანენ იზოლატორში. დამოკიდებულება ცოტა უხეში ყოფილა პოლიციის მხრიდან, ამაზეც რა თქმა უდნა, შესაბამისი რეაგირება იქნება ჩვენი მხრიდან," - განაცხადა ადვოკატმა ედუარდ მარიკაშვილმა.
საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილის მტკიცებით, პოლიციის ეზოში სამართალდამცველებმა გიორგი მჟავანაძეზე ფიზიკურად იძალადეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, რაზეც სახელმწიფო ინსპექტორმა მოკვლევა უკვე დაიწყო.
"ამ ეტაპზე აქ არის 4 ადამიანი დაკავებული. ერთ-ერთმა დაკავებულმა აღნიშნა, რომ გარკვეული დაზიანებები მიიღო დაკავების შემდეგ პერიოდში, ის ასახელებს გარკვეულ პოლიციელებს. ამასთან დაკავშირებით ჩვენ მივაწოდეთ ინფორმაცია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს და მივადევნებთ ამ საქმის მსვლელობას თვალს თუ როგორ წარიმართება გამოძიება," - აცხადებს საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე.