ეუთოს მიერ გუშინ გამოქვეყნებულ განცხადებებს, სადაც სადამკვირვებლო მისია მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება და შეშფოთებას გამოთქვამს ცესკოსთან განვითარებულ მოვლენებზე, ოპოზიციის წარმომადგენლები აფასებენ.
აღსანიშნავია ასევე, რომ ეუთომ მოუწოდა მომიტინგეებს თავი შეიკავონ ძალადობისგან და პატივი სცენ შეკრებისა და გამოხატვის ძირითად თავისუფლებებს.
"დიალოგი სწორი ინსტრუმენტია ასეთი კრიზისების განსამუხტად და ოპოზიციის, კერძოდ "ევროპული საქართველოს" პოზიცია ყოველთვის ასეთი იყო. ბუნებრივია, დიალოგი იმ საკითხზე უნდა იყოს, რამაც კრიზისი შექმნა. ეს არის, სამარცხვინო პროცესის შედეგად მიღებული შედეგების გაუქმება და ახალი, ნორმალური არჩევნების ჩატარება," - აღნიშნავს "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია.
ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან მაშინ დასხდებიან, როდესაც დღის წესრიგში ხელახალი არჩევნები ჩატარება იქნება.
"ბიძინა ივანიშვილმა შესაძლოა 2-3 მანდატი გადმოგვიგდოს საწყალობლად და ეს უნდა ჩაითვალოს კომპრომისად? ასე არ არის, იმ ფონზე, როდესაც ივანიშვილმა პირდაპირ, დაუფარავად მოიპარა ქართველი ხალხის ნება. აქედან გამოსავალი ერთადერთია, ეს ხელახალი არჩევნებია. ამიტომ, ჩვენ მოლაპარაკების მაგიდასთან მაშინ დავდგებით, როდესაც დღის წესრიგში ხელახალი არჩევნები ჩატარება, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცვლილება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება იდგება," - აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ზაალ უდუმაშვილი.
საერთაშორისო მისიის წარმომადგენლები კიდევ ერთხელ აცხადებენ, რომ საპარალამენტო არჩევნები იყო კონკურენტული და დაცული იყო ადამიანის ფუნდამენტური უფლებები.