პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ დღევანდელი მთავრობის სხდომა სწორედ ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაზე საუბრით გახსნა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, დიალოგი თითოეული პოლიტიკური ძალის პასუხისმგებლობაა და ქვეყნის ბედი ქუჩაში არ უნდა წყდებოდეს. პრემიერის მიმართვას უკვე მოყვა გამოხმაურება ოპოზიციაში.
ოპოზიციური პარტიები და ლიდერები ისევ ბოიკოტის რეჟიმში იმყოფებიან, ისინი აცხადებენ, რომ მოსახლეობაში არჩევნების გამო ძალიან დიდი პროტესტი გაჩნდა.
ოპოზიცია ხელისუფლებას მოუწოდებს გადადგან კონსტრუქციული ნაბიჯები.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლებიდან არ ჩანს, რომ მზად არიან დიალოგისთვის.
"ახლა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ვიზიტის წინ ხელისუფლება ცდილობს თავი ისე წარმოაჩინოს თითქოს დიალოგისთვისაა მზად. მაგრამ მე ჯერ ეს მზაობა ვერ დავინახე და ვერცერთი ნაბიჯი. თუ ხელისუფლება დაჯდება მაგიდასთან სალაპარაკოდ გვექნება ჩვენი პირობები რაზე უნდა ვისაუბროთ. ჩვენი მოთხოვნებია ხელახალი არჩევნები, კომისიის ცვლილება,"- განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
პარტია ”სტრატეგია აღმაშენებელის” პოლიტიკური საბჭოს წევრი სერგო ჩიხლაძე აცხადებს, რომ დიალოგის მომხრეა, თუმცა "ქართული ოცნებიდან" უნდა იყოს წარმოდგენილი დღის წესრიგი.
"ორი დღეა, რაც "ქართული ოცნება" ალაპარაკდა დიალოგზე მანამდე იყო დაცინვა, ქილიკი და მუქარა ოპოზიციის მისამართით, როგორ უნდა შემდგარიყო დიალოგი?- განაცხადა სერგი ჩიხლაძემ.
”ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ანზორ ბიწაძე აცხადებს, რომ 31 ოქტომბერს მოწყობილი ამბავი იყო ნამდვილი დესტრუქცია.
"ერთადერთ რამეში ვეთანხმები პრემიერ-მინისტრს, დესტრუქციას ნამდვილად არ აპატიებენ მოქალაქეები. დესტრუქცია იყო ის, რაც 31 ოქტომბერს მოაწყეს. დიალოგის საგანი შეიძლება იყოს ხელახალი არჩევნები, კომისიის შეცვლა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება,"- აღნიშნა ანზორ ბიწაძემ.