"გირჩის" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გამართული შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, რომ დიალოგზე ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა ხელახალი არჩევნების ჩატარება იყო. მისი თქმით, ეს არის ერთადერთი საკითხი, რომელზეც შემდეგ შეიძლება დაშენდეს სხვა საკითხები, როგორიც არის საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილება და ა.შ.
"მთავარი მოთხოვნა არის ხელახალი არჩევნები, იმიტომ რომ არ არსებობს სამართლებრივი პროცედურები, რომლებიც ჩვენ მიგვიყვანს იმ შედეგებამდე, რომელიც ასახავს ქართველი ხალხის ნებას, რომელიც მათ გამოხატეს 31 ოქტომბერს, ამიტომ, ოპოზიციის მხრიდან ერთადერთი მთავარი საკითხი, რომელზეც შეიძლება მერე დაშენდეს სხვა საკითხები, როგორიც არის საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილება, საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილება და ა.შ. მთავარი საკითხი არის ხელახალი არჩევნების საკითხი," - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
როგორც ზურაბ ჯაფარიძემ აღნიშნა, მაიკ პომპეოსთან შეხვედრასთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, გადაწყვეტილება მიღებული არ არის. თუმცა, ის ამბობს, რომ მნიშვნელოვანია აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ოპოზიციურ სპექტრთან შეხვედრის საშუალება ჰქონდეს და მათი პოზიცია მოისმინოს.
"მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციასთან ჰქონდეს შეხვედრა და მას ქონდეს საშუალება, ჩვენი პოზიცია მოისმინოს იმ მთავარ ამბავზე, რაც ახლა ქვეყანაში ხდება და ეს არის გაყალბებული არჩევნები და ახალი პარლამენტის ბოიკოტი. თავისთავად ის ფაქტი, რომ სახელმწიფო მდივანი, თუნდაც წარმავალი ადმინისტრაციის, ჩამოდის საქართველოში, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი," – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.