19 ნოემბერი 2024,   08:24
ვრცლად
საქალაქო სასამართლო დღეს 14 საათზე ოპოზიციური პარტიების საჩივრებზე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს

საქალაქო სასამართლო დღეს 14 საათზე ოპოზიციური პარტიების საჩივრებზე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.

ამ შემთხვევაში, ხელისუფლების ოპონენტები ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბოლო სხდომაზე მიღებულ ოქმს ასაჩივრებენ, დავობენ პირველ და მესამე პუნქტებზე.

ცესკომ ბოლო ხმაურიან სხდომაზე ოპოზიციის არც ერთი სარჩელი არ დააკმაყოფილა და არჩევნები შეაჯამა, დავის მთავარი მიზეზი სწორედ ეს არის.

"ევროპული საქართველო" ითხოვს 30-ივე ოლქის შედეგების ბათილად ცნობას.

"ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, ევროპული საქართველოს იურისტი აცხადებს, რომ 30 შემაჯამებელი ოქმია სასამართლოში გასაჩივრებული.

"30 შემაჯამებელი ოქმი გავასაჩივრეთ, ეს საჩივარი ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არ დააკმაყოფილა და წავედით სასამართლოში. სანამ სასამართლო გადაწყვეტილება იქნება, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არჩევნები უკვე შეჯამებული აქვს, ეს არის ყველაზე დიდი ხარვეზი,"- აღნიშნა ბესიკ დონაძემ.

"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" წარმომადგენელი ცესკოში ირაკლი ჭყოიძე აცხადებს, რომ ოქმი ცესკომ უკანონოდ დაწერა, რადგან კანონი პირდაპირ უთითებს, რომ სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ უნდა ყოფილიყო შეჯამება. 

"დღეს 2 საათზე სასამართლოს მოუწევს ან დააკმაყოფილოს ჩვენი სარჩელი, ან მოუწევს აღიაროს რომ მოქმედებს არა კანონის მიხედვით არამედ ბიძინა ივანიშვილის ბრძანებით,"-აღნიშნა ირაკლი ჭყოიძემ.

დღის ამბები