"ქართული ოცნების" წევრი გიორგი ხელაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის საქართველოში ვიზიტს აფასებს და ამბობს, რომ პომპეოს ვიზიტი საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციას, ხელაშვილის აზრით ოპოზიციას უფლება აქვს გამოიყენოს გამოხატვის ეს ფორმა, თუმცა თვლის, რომ ზედმეტია.
"მან საჭიროდ ჩათვალა, რომ ამ ადმინისტრაციის პირობებში, საქართველო აუცილებლად ყოფილიყო ნაწილი იმ ტურნესი, რომელსაც ახორციელებს. ეს ამერიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თავისი ალიანსების გამყარების თვალსაზრისით. განხილვის თემა იქნება საერთაშორისო გეოპოლიტიკური ვითარება, რეგიონული უსაფრთხოება და საქართველოში მიმდინარე პროცესები. ჩემი აზრით, აქ ქუჩის აქციები სრულიად ზედმეტია, თუმცა ოპოზიციას სრული უფლება აქვს გამართოს საპროტესტო აქცია. აშშ-ს მთავრობა ძალიან ყურადღებით აკვირდება საქართველოში მიმდინარე პროცესებს," - აცხადებს "ქართული ოცნების" წევრი გიორგი ხელაშვილი.
საქართველოში დღეს ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჩამოდის. მაიკ პომპეოს თვითმფრინავს
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღის მეორე ნახევარში ელოდებიან. ოფიციალურ შეხვედრები დაიწყება ხვალიდან, მაღალი რანგის სტუმარი მოლაპარაკებებს გამართავს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, ასევე შეხვდება საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს.