საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა. საარჩევნო კომისიის სპიკერის მოვალეობის შემსრულებელი ნათია იოსელიანი ამბობს, რომ არჩევნების დღეს, ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით, გათვალისწინებულია ყველა საჭირო ღონისძიება. ცესკოში ამომრჩეველს აქტიურობისკენ მოუწოდეს.
"21 ნოემბერს, მეორე ტურზე, ამომრჩევლებს 1941 საარჩევნო უბანი და გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 9 უბანი მოემსახურება.
რაც შეეხება სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებასა და იზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს, მათი არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილია 80 სპეციალური უბანი.
ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა კი 2 მილიონ 140 210-ია. პანდემიის მიუხედავად, არჩევნებზე მისვლა უსაფრთხოა, ვინაიდან, კენჭისყრის შენობაში გათვალისწინებულია ყველა პრევენციული ღონისძიება, რაც ხელს შეუშლის ინფექციის გავრცელებას. მივმართავ ასევე საარჩევნო პროცესში ჩართულ მხარეებს, რომ ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარებას," – განაცხადა ნათია იოსელიანმა.