ზუგდიდის მერმა, რომელიც ამავე დროს "ქართული ოცნების" ადგილობრივი საარჩევნო შტაბის უფროსია, საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა.
მისი თქმით, დღეს ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ გააკეთებს სწორ არჩევანსა და მმართველი გუნდი გამარჯვებას გაამყარებს. მისივე თქმით, საარჩევნო პროცესი მშვიდ და უსაფრთხო, მათ შორის, კორონავირუსისგან უსაფრთხო გარემოში მიმდინარეობს.
"მოვუწოდებ თანამოქალაქეებს მოვიდნენ არჩევნებზე, დააფიქსირონ საკუთარი არჩევანი და მოიხადონ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა. აქვე მინდა ვთქვა, რომ ძალიან კომფორტულ და კარგ პირობებში მიმდინარეობს საარჩევნო პროცესი და მოქალაქეებს დემოკრატიულ გარემოში შეუძლიათ ხმის მიცემა.
მე მივეცი ხმა კანდიდატს, რომელთან ერთადაც დარწმუნებული ვარ, რომ შემდგომი 4 წლის განმავლობაში გაგრძელდება ის განვითარების ტემპი, რომელიც მიმდინარეობს. ადამიანს, რომელიც იქნება ღირსეული ხმა თითოეული ზუგდიდელისთვის საკანონმდებლო ორგანოში და თითოეული წელი ძალიან კარგი პროგრესი იქნება, როგორც ზუგდიდში ასევე მთლიანად ქვეყანაში.
საარჩევნო პროცესი არის დემოკრატიული და ის ნება ამომრჩევლის, რომელიც მოვა საარჩევნო უბნებზე სრულიად მშვიდ გარემოში და მე დარწმუნებული ვარ ამომრჩეველი კიდევ ერთხელ გააკეთებს სწორ არჩევანს, რაც შეეხება აქტივობას, აქტივობა ამ წუთისთვისაც არის საკმაოდ მაღალი და ზუგდიდელები დღის განმავლობაში საკუთარ არჩევანს გააკეთებენ. რაც შეეხება ოპონენტების არ არსებობა, მათ ალბათ წინასწარ იცოდნენ, რომ უპირობოდ დამარცხდებოდნენ და მათი არჩევანი გააკეთეს. ეს მათი გადასაწყვეტია. ჩვენ დემოკრატიულ და მშვიდ გარემოში ვატარებთ არჩევნებს," - აღნიშნა გეგა შენგელიამ.