გორის რაიონის სოფელ ზარდიაანთკარში, რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული ქართველი 65 წლის მირიან თაზიაშვილია. როგორც გატაცებულის მეზობლები ყვებიან, თაზიაშვილის გატაცების ამბავი მისი მეუღლისგან გაიგეს, რომელსაც ქმარმა დაურეკა და უთხრა რომ ის დააკავეს და ცხინვალის მიმართულებით გადაჰყავთ.
საიდან მოხდა 65 წლის მამაკაცის გატაცება, ჯერჯერობით, უცნობია. როგორც ადგილობრივები "კურიერთან" საუბარში ამბობენ, მისი ოჯახი არ ფლობს მიწას მავთულხლართებთან ახლოს.
დამატებით ინფორმაცია დაკავების დეტალების შესახებ მათთვის უცნობია. შემთხვევა გორის რაიონის სოფელ ზარდიაანთკარში მოხდა, რომელიც საოკუპაციო ხაზს ესაზღვრება.
მომხდარს ადასტურებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშიც და აცხადებენ, რომ "უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, მყისიერად გააქტიურდა ცხელი ხაზი. ინფორმირებულ იქნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. ასევე ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს."