მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 58 მილიონს, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა 40 მილიონს გადააჭარბა. ამ დროისთვის პანდემიის ლეტალობის მაჩვენებელი 3 %-ს შეადგენს, რაც ნიშნავს, რომ "კოვიდ-19"-მა ინფიცირებულთა საერთო რაოდენობიდან მილიონ 400 000-მდე პაციენტი იმსხვერპლა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია დიდი ოცეულის ქვეყნებს კორონავირუსის ვაქცინის სამართლიანად განაწილებისკენ მოუწოდებს. ორგანიზაციის გენერალური დირექტორის თქმით, ვაქცინის სამართლიანად განაწილებას პანდემიის დასრულებისთვის ცენტრალური მნიშვნელობა აქვს.
უკვე დასახელდა კოვიდ-19-ის ვაქცინის ფასი, ამერიკული კომპანია "მოდერნას" მიერ წარმოებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 25-დან 37 ამერიკულ დოლარამდე ეღირება, ამის შესახებ კომპანიის ხელმძღვანელმა სტეფან ბანსელმა განაცხადა.
წინასწარი კვლევებით, ამერიკული კომპანია "მოდერნას" ახალი ვაქცინა 95%-ით ეფექტურია. ამასთან, გერმანული მწარმოებლის, "ბიოტექისა" და ამერიკული Pfizer-ის მიერ შექმნილ ვაქცინის წინასწარი ანალიზები აჩვენებს, რომ მას ვირუსისგან ადამიანების დაცვა 90%-ით შეუძლია.