მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ემბისის" ფილიალზე თავდამსხმელს ბრალს დღეს წარუდგენენ.
ლევან ზურაბიშვილი, რომელიც პარასკევს საფინანსო ორგანიზაციაში შეიჭრა და რამდენიმე ათეული ადამიანი მძევლად აიყვანა, ამ დროისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება, მისმა ინტერესების დამცველებმა საქმის მასალები უკვე გამოითხოვეს.
ლევან ზურაბიშვილის ადვოკატები აცხადებენ, რომ საქმის მასალები გვიან ღამით ჩააბარეს, მათივე თქმით, საქმის მასალებში ისეთი მტკიცებულებები არსებობს, რაც საქმის შემსუბუქების შესაძლებლობას იძლევა.
ერთ-ერთის ადვოკატი ირმა ჭკადუას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მხრიდან ადგილი არ ჰქონდა არც იძულებას და არც შეზღუდვას, რაც ჩვენებებში ჩანს.
"აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეს სწორი კვალიფიკაცია უნდა მიეცეს. არის საქმის მასალებში ჩვენებები რაც იძლევა იმის საშუალებას, რომ საქმე შემსუბუქდეს,"- აღნიშნა ირმა ჭკადუამ.
დღესვე გახდება ცნობილი ბალისტიკური ექსპერტიზის პასუხი, თუ რა ჰქონდა ლევან ზურაბიშვილს იარაღად და რა სახის იყო ეს კონკრეტული ნივთი.