19 ნოემბერი 2024,   08:24
ვრცლად
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა - მოველით, რომ ყველა პარტია შეძლებს განსხვავებების გადალახვას, რათა პარლამენტის ყველა არჩეულმა წევრმა პარლამენტში თავისი ადგილი დაიკავოს

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს სჭირდება ქმედითი პარლამენტი, როგორც ცენტრალური ფორუმი პოლიტიკური დებატებისთვის, სადაც ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული საერთო ვალდებულებების შესაბამისად, ყველა პარტია რეფორმების გასატარებლად ერთად იმუშავებს :

"საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში აკრედიტებული ევროკავშირის ქვეყნების მისიების ხელმძღვანელებთან კოორდინაციით აქვეყნებს კომენტარს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ, კვლავ ვადასტურებთ, რომ მხარს ვუჭერთ საერთაშორისო დამკვირვებლების ერთობლივ განცხადებას, რომელიც პირველი ტურის შემდეგ გამოქვეყნდა და ველოდებით ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშს, რეკომენდაციების ჩათვლით, გამოვლენილი ხარვეზების მოსაგვარებლად. წუხილს გამოვთქვამთ იმ უნდობლობასთან დაკავშირებით, რომელმაც საარჩევნო პროცესზე ზეგავლენა მოახდინა, ასევე, იმის გამო, რომ მეორე ტურში ოპოზიციის კანდიდატებმა საპარლამენტო ადგილებისთვის ბრძოლაში მონაწილეობა არ მიიღეს.

ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს დემოკრატიულ პროცესებს და სამართლებრივი ჩარჩოების დაცვას. საქართველოს სჭირდება ქმედითი პარლამენტი, როგორც ცენტრალური ფორუმი პოლიტიკური დებატებისთვის, სადაც – ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ჩვენი საერთო ვალდებულებების შესაბამისად – ყველა პარტია რეფორმების გასატარებლად ერთად იმუშავებს.

ამიტომ, იმედი გვაქვს და მოველით, რომ ყველა პოლიტიკური პარტია შეძლებს მათ შორის არსებული განსხვავებების გადალახვას, რომ პარლამენტის ყველა არჩეულმა წევრმა, მიუხედავად მათი მხრიდან საარჩევნო პროცესის განსხვავებულად შეფასებისა, პარლამენტში თავისი ადგილი დაიკავოს.

მოვუწოდებთ პარლამენტის წევრებს, გამოიყენონ საქართველოს მოქალაქეების მიერ მათთვის მინიჭებული მანდატები, რომ განიხილონ მოუგვარებელი პოლიტიკური საკითხები და შექმნან უკეთესი საფუძველი მომავალი არჩევნებისთვის, ამბიციური საარჩევნო და სასამართლო რეფორმების გზით. პარლამენტმა, ასევე, სრულად უნდა შეასრულოს თავისი როლი ჯანდაცვისა და სოციალურ-ეკონომიკურ სფეროებში არსებული საგანგებო გამოწვევების გადასაჭრელად, რომლის წინაშე ქვეყანა პანდემიის გამო აღმოჩნდა.

სრულად ვუჭერთ მხარს თითოეული მოქალაქის მიერ სიტყვისა და შეკრების თავისუფლების მშვიდობიანი გზით გამოყენების უფლებას და ვგმობთ ძალადობის ნებისმიერ ფაქტს თუ ძალადობის შემცველ მუქარას. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, თავი შეიკავონ პროვოკაციული ქმედებებისგან, ხოლო ხელისუფლებას - დაიცვას კანონის უზენაესობა, მათ შორის ნებისმიერი ბრალდების სანდო და სწრაფი გამოძიების გზით, რასაც გამჭვირვალე და სამართლიანი სასამართლო პროცესები მოჰყვება.

დღეს დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება როგორც უმრავლესობის, ისე ოპოზიციური პარტიების პოლიტიკურ ლიდერებს, რომ გამონახონ საერთო ენა საერთო მიზნის მისაღწევად, რაც საქართველოს შესაძლებლობას მისცემს ეფექტიანად გააგრძელოს დემოკრატიული გზით სვლა და ევროპული დღის წესრიგის განხორციელება საქართველოს, მისი მოქალაქეების ინტერესებისა და ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების გათვალისწინებით. ევროკავშირი კვლავ მზად არის დაეხმაროს საქართველოს ამ ძალისხმევაში,"- ნათქვამია განცხადებაში.

დღის ამბები