17 იანვარი 2021,   10:44
ვრცლად
4 დღე პიკამდე - სპეციალისტების შეფასებით ქვეყანა კატასტროფის ზღვარზეა და საჭიროა შეზღუდვების სასწრაფოდ გამკაცრება ინფექციის შესაკავებლად

რამდენიმე დღე პიკამდე - სამედიცინო სფეროს ანალიტიკოსების შეფასებით, საქართველოში კორონავირუსის ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი 29 ნოემბრისთვის იქნება. რამდენ ხანს შენარჩუნდება ქვეყანაში პიკი და როდის დაიწყება დაინფიცირებულების შემცირება - ამაზე საუბარს სპეციალისტები ჯერ ნაადრევად მიიჩნევენ.

მათი პროგნოზით, ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი დაახლოებით 5 000 უნდა იყოს. ამავე პერიოდში აქტიური შემთხვევების რაოდენობას კი  თითქმის 38 000-ს პროგნოზირებენ.

"კატასტროფის ზღვარზეა, თუ გაგრძელდა ასე და არ შემცირდა ინფექციის გავრცელების სისწრაფე, ვეღარ გაუძლებს ეს კიდევ ერთ კვირას და 10 დღეს ასეთ ციფრებს და სწორედ ამიტომ არის აუცილებელი და მნიშვნელოვანი ახლა ინფექციის გავრცელების შეკავება და ამ აღმავალი ტენდენციის გადატეხა და დაღმავალზე წამოსვლა. ექიმები და პერსონალი არის ახლა ყველაზე დიდი პრობლემა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია," - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

შეზღუდვების გამკაცრების აუცილებლობაზე საუბრობს ექიმი თერაპევტი, მედიცინის აკადემიური დოქტორი კარდიოლოგიაში, პროფესორი მაკა ბულეიშვილი. 

"ექიმები ვიმყოფებით უმძიმეს მდგომარეობაში და ძალიან კარგი იქნება თუკი იქნება ისეთი გადაწყვეტილებები მიღებული, რომ სიცხიანი პაციენტი მაინც რომ არ დადიოდეს ქუჩაში, თუკი ამის მოგვარება მაინც შეიძლება ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, ან რაღაც კონტროლის მექანიზმი რომ დაწესდეს ან შეზღუდვები," - ამბობს ექიმი თერაპევტი, მედიცინის აკადემიური დოქტორი კარდიოლოგიაში, პროფესორი მაკა ბულეიშვილი.

იმუნოლოგ-ალერგოლოგი ბიძინა კულუმნეგოვი იმგვარი შეზღუდვების დაწესების საჭიროებაზე საუბრობს, რომელიც ეკონომიკას მინიმალურ ზიანს მიაყენებს და ასევე ეპიდემიის შეჩერების მიმართულებით შედეგსაც გამოიღებს.

"საფრთხე ბუნებრივია არის, როდესაც კრიტიკულ შეუსაბამობაში შეიძლება აღმოვჩნდეთ პაციენტების რაოდენობასა და ჰოსპიტალური სექტორის შესაძლებლობებს შორის. ამ ზღვარში არ უნდა ჩავვარდეთ. როდესაც ადამიანები, ვისაც დასჭირდება ჟანგბადი ან სარეანიმაციო საწოლი, ვერ მიიღებენ ამ სერვისს და სახლში დაიღუპებიან. ჩვენ ამის უფლებას ვერ მივცემთ, ადამიანის სიცოცხლე არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მე როგორც მოვისმინე, სახელმწიფო გააკეთებს ყველაფერს, რომ ზოგადი ეკონომიური გავლენაც იყოს მინიმალური იმ წერტილოვანი შეზღუდვებით და მაქსიმალური შედეგი მივიღოთ," - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

ამ დროისთვის, ქვეყანაში საერთო ჯამში დაინფიცირებულთა რაოდენობა 110 000-ს აჭარბებს. აქედან აქტიური შემთხვევა ჯერ დაახლოებით 20 000-ია.

დღის ამბები