19 ნოემბერი 2024,   10:51
ვრცლად
19 წლის თეკლა თორდიას გარდაცვალების საკითხს ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტო შეისწავლის

19 წლის თეკლა თორდიას გარდაცვალების საკითხს ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტო შეისწავლის.

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია "კურიერთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ სამინისტროს პროტოკოლი თანმხლები დაავადებების შემთხვევაში ჰოსპიტალიზაციას ითვალისწინებს.

"ყველა დეტალს, რომელიც ამ შემთხვევას უკავშირდება, სამინისტრო შეისწავლის. შეისწავლის, უკავშირდება თუ არა იმას, რომ რომელიმე ეტაპზე რაიმე სახის ჩარევა დაგვიანდა. სამინისტროს პროტოკოლი თანმხლები დაავადებების შემთხვევაში, ითვალისწინებს ჰოსპიტალიზაციას, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ექიმი გადაწყვეტს, რომ პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და მისი მართვა მოხერხდეს კოვიდსასტუმროში იმ დაშვებით, რომ კლინიკური გამოკვლევები მას ჩაუტარდება კოვიდსასტუმროდანაც. 

რამდენადაც მე მესმის, ამ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, რომ ექიმის შეფასებით ჩაითვალა, მდგომარეობა იყო სტაბილური და საწყის ეტაპზე პაციენტს მიეცა რეკომენდაცია კოვიდსასტუმროში მკურნალობის,"-აცხადებს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია.

"კურიერის" კითხვაზე - ადასტურებენ თუ არა ჯანდაცვის სამინისტროში საწოლის ნაკლებობას, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ საქმეს რეგულირების სააგენტო იძიებს და მეტ კომენტარს არ გააკეთებს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები