უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილე ბერდია სიჭინავამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ დღეიდან ორი თვის განმავლობაში, პირველ თებერვლამდე პერიოდში ქვეყნის მასშტაბით ინტენსიური ტესტირების პროგრამა იმოქმედებს.
"სახელმწიფო დღეში გააკეთებს, დაახლოებით, 20 000 ტესტს, ხოლო ამას დაემატება კიდევ კერძო ლაბორატორიებისა და კლინიკების მიერ ჩატარებული ტესტები. განსაკუთრებით ფართოვდება ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტების გამოყენება, რომლის პასუხის მიღება შესაძლებელი იქნება ტესტის ჩატარებიდან 20 წუთის განმავლობაში. აღნიშნულის მიზანს წარმოადგენს, ერთი მხრივ, სწრაფი გამოვლენა ინფიცირების შემთხვევების, რაც გულისხმობს მსუბუქი და ნაკლებად მძიმე შემთხვევების თვითიზოლაციაში გადასვლას დაუყოვნებლივ, საყურადღებო შემთხვევების კოვიდსასტუმროებში განთავსებას, ხოლო მძიმე და კრიტიკული შემთხვევების ჰოსპიტალიზაციას. ამ მიზნით, 2 თვის განმვლობაში მოხდება ყველა შესაბამისი უწყების ჩართულობა და ტესტირების გაფართოება შემთხვევების მაქსიმალური გამოვლენისა და ინფიცირებულების იზოლირების მიზნით," - განაცხადა სიჭინავამ.