"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე არ გამორიცხავს, რომ მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს.
საქმე ეხება პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ მიმოწერას, რომლის მიხედვითაც ისნის N5 საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ემუქრებოდნენ და ქრთამს სთავაზობდნენ.
მიმოწერაში ნახსენებია ხატია დეკანოიძის სახელიც, რომელიც მაშინ ისნის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატად იყრიდა კენჭს.
"ორი უდანაშაულო ადამიანი ყველაზე უფრო ამორალური, საზიზღარი ბრალდებით დააკავეს. ყველაზე ახლო მეგობრების გარდაცვალება დააბრალეს ამ ორ ადამიანს. ახლა აღმოჩნდა, რომ რაღაცნაირად მოწებება უნდათ ამ პროპაგანდის და ამორალური ბრალდების ჩემი, ან ჩემი პარტიისთვის. მე არაფერს არ გამოვრიცხავ. დღეს ისეთი სიტუაცია გვაქვს და ისეთ მიტაცებულ ქვეყანაში ვცხოვრობთ, რომ ყველაფრისთვის მზად უნდა იყოს ყველა პოლიტიკური ლიდერი. რაც შეეხება სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას ჩემს მიმართ, არც ამას გამოვრიცხავ,"-განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
შეგახსენებთ, რომ საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით გენერალური პროკურატურა ავრცელებს განცხადებას კონკრეტული მტკიცებულებებით, რომლითაც უწყება კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ თედო გობეჯიშვილი "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური ინტერესის მსხვერპლია. გასაჯაროვდა მიმოწერა, რომელიც ჰქონდათ ბრალდებულებს ერთმანეთთან, სადაც თანხმდებოდა, როგორ უნდა დამუქრებოდნენ ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, თუ ის შეთავაზებული თანხის სანაცვლოდ უარს იტყოდა საჯარო განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა.