"ქურდული სამყაროს" წევრობისთვის სამართალდამცავებმა ორი პირი - 46 და 23 წლის მამაკაცები დააკავეს. ისინი ბიზნესმენს, რომელიც თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში საქმიანობდა, "ქურდული სამყაროს" სასარგებლოდ ე.წ "კანონიერი ქურდის" "ბორია აფაქელას" სახელით ფულს სძალავდნენ. ბიზნესმენთან შეხვედრები ერთ-ერთ ბინაში ხდებოდა.
ბინის მეპატრონე, რომლის სახლშიც ბრალდებულები ბიზნესმენის დასაშინებლად შეხვედრებს მართავდნენ, აცხადებს, რომ მას ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა და არ იცოდა თუ რა მიზნით იქირავეს აღნიშნულმა პირებმა მისი ბინა.
"ვაქირავებ დღიურად, დამიკავშირდნენ და შემოვუშვი. რა თქმა უნდა, პასპორტიც მოვთხოვე, გადავიღე სურათი. ჯერ 2 დღით შემოვიდნენ, მერე გააგრძელეს ერთი დღით. რომ აგრძელებდნენ, თანხას მირიცხავდნენ, ერთხელ ვნახე და მერე რომ დააკავეს, არანაირი შეხება არ მქონია, სამართალდამცავებმა რომ დამირეკეს, დაბლა ჰყავდათ უკვე დაკავებული, სახლში უნდა ავიდეთ, რომ ჩხრეკა ჩავატაროთო, იარაღი ამოიღეს," - აცხადებს ბინის მეპატრონე.
დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს "ქურდული სამყაროს" წევრობას, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას, ჩადენილს ჯგუფურად. დანაშაული 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.