19 დეკემბერი 2024,   12:09
ვრცლად
ოპოზიციური პარტიების ლიდერების ნაწილი ცესკოდან გამოითხოვს სიებს, რომლის თანახმადაც უარს ამბობენ მანდატების პროპორციულად გადანაწილებაზე

ამ წუთებში ოპოზიციური პარტიების ლიდერები ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან შეიკრიბნენ. ისინი საარჩევნო ადმინისტრაციიდან გამოითხოვენ სიებს, რომლის თანახმადაც უარს ამბობენ მანდატების პროპორციულად გადანაწილებაზე. ადგილზე უკვე მივიდნენ "ნაციონალური მოძრაობის", "ევროპული საქართველოს", "ლეიბორისტული" პარტიისა და "სტრატეგია აღმაშენებლის" წარმომადგენლები.

ცესკოსთან მისვლას აპირებენ "ლელოს" წარმომადგენლებიც.

რეგლამენტის მიხედვით, მანდატებზე უარის თქმისთვის თითოეულ დეპუტატს მოუწევს, პარლამენტს განცხადებით მიმართოს, პარტიებს კი ცესკოში წარდგენილი საარჩევნო სიების გაუქმება დასჭირდებათ, რათა ის დეპუტატები, რომლებიც მანდატებზე უარს იტყვიან, უფლებამონაცვლეებმა არ ჩაანაცვლონ.

"ვაგრძელებთ იურიდიულ პროცედურებს, თუ როგორ დავტოვოთ "ქართული ოცნება" მარტო პარლამენტში. ჩვენ შემოგვაქვს დღეს ცესკოში საარჩევნო ბლოკის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიციის" სახელით განცხადება, სადაც ჩავხსნით პროპორციულ საარჩევნო სიას და როდესაც 3 დღის ვადაში დაკმაყოფილდება ეს გადაწყვეტილება, მერე უკვე ჩვენ ნაძალადევად ცნობილი პარლამენტის წევრები მივმართავთ პარლამენტს, რომ უფლებამოსილება შეწყვეტილი იქნეს და იურიდიულად გაფორმდება "ქართული ოცნების" ერთპარტიული პარლამენტი," - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა ლევან ბეჟაშვილმა. 

დღის ამბები