გარდაბნის პოლიციაში იმყოფება ამ წუთებში სამხედრო პირი, რომელიც 3 დღის განმავლობაში დაკარგული იყო. "კურიერის" ინფორმაციით, ის სამართალდამცავებმა დღეს თბილისში, ერთ-ერთ სასტუმროში იპოვეს.
პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებიან თეიმურაზ გიუნაშვილის ნათესავებიც.
"12 წელიწადია რაც მსახურობს და შეიარაღებულ ძალებშია. ოთხი დღე გაუჩინარებული იყო, პოლიციამ თბილისში ნახა, რომელიღაცა სასტუმროში, გადმოიყვანეს განყოფილებაში და მიმდინარეობს დაკითხვა," - განაცხადა ნაპოვნი სამხედროს ნათესავმა.
აღსანიშნავია, რომ ნაპოვნი ჯარისკაცის ოჯახს გაუჩინარებასთან დაკავშირებით კითხვები მაინც აქვს.
"ტელევიზორში გამოვიდა, მშვიდობით ნახესო, სასტუმროში არისო, კარგად არის, ჯანმრთელად არისო. მეტი არაფრის თქმა არ შემიძლია," - განაცხადა ნაპოვნი ჯარისკაცის დედამ.
"გვითხრეს, რომ ცოცხალიაო, სანამ არ დავინახავთ, რავიცი, აქამდე სად იყო, რა ესასტუმროებოდა?!" - აღნიშნა ნაპოვნი სამხედროს ახლობელმა.
"ეჭვები მაინც ჩნდება, სამი დღე თუ არის საგულაოდ თუნდაც, მობილურს რატომ დატოვებდა ბრიგადაში, ან რატომ აქამდე არ გამოჩნდა. ჯარში არასდროს არ აგვიანებდა. გაცდენა აქვს ერთი დღე," - განაცხადა სამხედროს კიდევ ერთმა ახლობელმა.
გარდა ამისა, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის მიერ დაიწყო გამოძიება აღნიშნული პირის სამხედრო ნაწილში საპატიო მიზეზის გარეშე დროულად გამოუცხადებლობის ფაქტზე.
35 წლის სამხედრო 21 დეკემბერს ვაზიანის სამხედრო ბაზიდან გავიდა, რის შემდეგაც მისი კვალი დაიკარგა.