დედაქალაქის ბიუჯეტი საკრებულოში ოპოზიციის ერთი ნაწილის პროტესტის და მეორე ნაწილის მხარდაჭერის გარეშე დამტკიცდა. კენჭისყრამდე იყო საფინანსო დოკუმენტის პრეზენტაცია, სადაც ითქვა, რომ პანდემიამ გავლენა ბიუჯეტზეც მოახდინა, ამიტომ მომდევნო წელს აქცენტი ჯანდაცვის და სოციალურ საკითხებზე გაკეთდება. 2021 წელს თბილისის ბიუჯეტი მილიარდ ასი მილიონ ლარზე მეტი იქნება.
სხდომას ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციური ფრაქციების, "ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს", წევრები არ ესწრებოდნენ. დამოუკიდებელმა დეპუტატებმა კი ბიუჯეტს მხარი არ დაუჭირეს. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ბიუჯეტი ვერ პასუხობს იმ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც დედაქალაქის მოსახლეობა პანდემიის ფონზე აღმოჩნდა.
საკრებულოს უმრავლესობაში განმარტავენ, რომ ბიუჯეტის 33% მთლიანად მოხმარდება ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებს, რაც, დაახლოებით, 350 მილიონი ლარი იქნება. ეს 21 მილიონი ლარით მეტია 2020 წლის ამ მიმართულების ხარჯებთან შედარებით. მიუხედავად პანდემიისა, გეგმის მიხედვით გაგრძელდება ინფრასტრუქტურული პროექტებიც. მათ შორისაა ბაგები – უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა, ვაკის პარკის რეაბილიტაცია, ასევე ზღვის უბნის პარკის მოწყობა, რისთვისაც 20 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.
ბიუჯეტი 2021 წელს საწყის ეტაპზე მილიარდ ორმოცდაათი მილიონით არის განსაზღვრული, თუმცა მას წლის დასაწყისშივე 50 მილიონი ლარი, ფინანსთა სამინისტროს ტრანსფერი, დაემატება.