კახეთში, პოლიციის მაღალჩინოსანმა თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი ზურაბ საჩიშვილი მოკლა. "კურიერის" ინფორმაციით, ბრალდებულმა, თელავის კრიმინალური პოლიციის უფროსის მოადგილემ, ვანო ზანდარაშვილმა რამდენჯერმე დამიზნებით გაისროლა. დაჭრილია კიდევ ერთი პირი, რომელიც თელავის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსი ლევან ბერძენიშვილია. მის ჯანმრთელობის მდგომარეობას ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება.
როგორც ირკვევა, ინციდენტამდე ისინი ერთ-ერთ საერთო მეგობართან სუფრაზე იმყოფებოდნენ, სადაც მათ შორის კონფლიქტი არ ყოფილა, რასაც მასპინძელი "კურიერთან" ადასტურებს. დავით ლაჩაშვილი აცხადებს, რომ მისი დაბადების დღე იყო, სადაც დაახლოებით 5 ადამიანი იმყოფებოდა. ის გამორიცხავს მის ოჯახში დაწყებულ კონფლიქტს და ამბობს, რომ მხარეები, ვის შორისაც დაპირისპირება მოხდა ერთმანეთს მანამდე არ იცნობდნენ.
"ჩემს გვერდით იჯდა ზურა სუფრაზე, არანაირი დაპირისპირება იქ არ მომხდარა. მერე რა მოხდა არ ვიცი. ასევე დაჭრილია ლევან ბერძენიშვილი, ზურა კი, სამწუხაროდ აღარ არის," - აცხადებს დავით ლაჩაშვილი.
მომხდარს ბევრი თვითმხილველი არ ჰყავს გარდა იმისა, ვინც თავად კონფლიქტში მონაწილეობა. ახლა, ისინი საგამოძიებო უწყებაში იმყოფებიან და მათი გამოკითხვა მიმდინარეობს.
პროკურატურამ თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის მკვლელობის ფაქტზე თელავის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე დააკავა.