გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულთა სასამართლო პროცესი, დასასრულს უახლოვდება. მცხეთის რაიონულ სასამართლოში დღეს, ბრალდების 10-მდე მოწმე უნდა გამოიკითხოს. მათ შორის იქნებიან სამართალდამცველები, რომლებიც შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებებს აწარმოებდნენ, ასევე ექსპერტები.
დაცვის მხარე, დღევანდელი მოწმეების ჩვენებებიდან მნიშვნელოვან ინფორმაციას არ ელოდება.
"დაიკითხება დაახლოებით 10-მდე მოწმე და ექსპერტები. შემდეგ კი დაიწყება, როგორც მათ ბრალდების მხარე უწოდებს, ე.წ ოქროს მოწმეების დაკითხვა, თუმცა ისინი არანაირი ინფორმირებულობით არ გამოირჩევიან," - აცხადებს არჩილ გაგნიძის ადვოკატი ვასილ მამულაშვილი.