კობი-გუდაურის გზა უკვე მეოთხე დღეა ჩაკეტილია. ზვავსაშიშროების გამო ყველანაირი სახის ტრანსპორტირება აკრძალულია, მგზავრთა ტრანსპორტირებისთვის კობი-გუდაურის საბაგირო გზამ დაიწყო მუშაობა.
"გვინდოდა ყაზბეგისკენ წასვლა, მაგრამ გზა არის დაკეტილი და როგორც მეუბნება სახელმწიფო შესაბამისი ინსტიტუტი, სამშაბათამდე გზა, სავარაუდოდ, არ გაიხსნება და სამშაბათის შემდეგაც შეიძლება გზა არ გაიხსნას, რადგანაც არის ზვავსაშიში მდგომარეობა შექმნილი დიდი თოვლის გამო," – აცხადებს გრიგოლ გეგელია.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტი ვიტალი მაჭავარიანი აცხადებს, რომ სამშაბათს ამინდის გაუმჯობესებას ელოდებიან, რის შემდეგაც შეაფასებენ ზვავსაშიშროების დონეს და მიიღებენ გადაწყვეტილებას.
"დაახლოებით, სამშაბათს ველოდებით გამოდარებას და შესაბამისად, ადგილზე შევლენ ჩვენი სპეციალისტები და შეაფასებენ ზვავსაშიშროების დონეს, რის შემდეგაც მივიღებთ უკვე გადაწყვეტილებას.
რაც შეეხება მლეთა-გუდაურის მონაკვეთს, ამ დროისთვის მისი ჩაკეტვის საფრთხე არსებობს," - განაცხადა ვიტალი მაჭავარიანმა.
"კურიერს" დაუკავშირდნენ სტეფანწმინდაში ჩარჩენილი ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ისინი უკვე რამდენიმე დღეა ვერ ახერხებენ დანიშნულების ადგილზე მისვლას და ყველა საჭირო პროდუქტით მომარაგება და საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფა საკუთარი ხარჯებით უწევთ. ისინი ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარების თხოვნით მიმართავენ.
"სასტუმრომ შეღავათიან ფასში დაგვტოვა, მაგრამ არ აქვს ამას მნიშვნელობა, იმიტომ, რომ აქ ხალხია, რომელსაც საერთოდ აღარ აქვს ფული. ყაზბეგის მუნიციპალიტეტს ველაპარაკეთ, მცხეთა-მთიანეთის, იმდენი გადაგვამისამართეს, გაფუჭებული ტელეფონი ვითამაშეთ და ბოლოს მცხეთა-მთიანეთის კრიმინალურ პოლიციას დავურეკეთ, მოგვცეს ნომერი, სადაც გვითხრეს, რომ აქამდე უნდა გაგესწროთ ზვავისთვისო და საიდან უნდა გაგვესწრო?!" - აცხადებს დამსვენებელი სალომე შონია.
ავტორი: თამარ თათარაშვილი