
This is a modal window.
მორიგი გატაცება საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებადი ტერიტორიიდან. ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსული სამი პირი, მათ შორის ორი ქალი, ოკუპანტებმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩასთან დააკავეს და უკან, ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაიყვანეს.
მომხდარს თვითმხილველებიც ჰყავს. "კურიერთან" საუბრის დროს ისინი ამბობენ, რომ დაკავება საოკუპაციო ხაზიდან დაახლოებით ნახევარ კილომეტრში მოხდა.
"ყვიროდნენ, გვიშველეთ სადმე დარეკეთო. თავიდან არ მეგონა, რუსები თუ იყვენენ და 112-ში ვრეკავდი. მერე დავინახე, რომ ბიჭი გამორბოდა და ყველა ერთად მისდევდა. სამნი იყვნენ, არ ვიცით სად მიდიოდნენ. ვიცი, რომ გამოქცეულები იყვნენ და შველას ითხოვდნენ. ბიჭს ეტყობოდა, რომ ნაცემი იყო," - აცხადებს ხურჩის მცხოვრები ელისო შამუგია.
ადგილზე ამ დროისთვის ევროკავშირის სადამკვირებლო მისიის წარმომადგენლები იმყოფებიან.
მომხდარის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად სუს-მა გაავრცელა. უსაფრთხოების სამსახური იუწყება, რომ ინციდენტი ცხელი ხაზით დაადასტურა ოკუპირებული აფხაზეთის წარმომადგენელმაც, რომლის ცნობითაც დაკავებულები ამჟამად უკანონო პატიმრობაში უკვე აღარ იმყოფებიან.