დილიდან, საქალაქო სასამართლოსთან ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის მხარდასაჭერად მათი ახლობლები, სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები შეიკრიბნენ. ისინი მათ გათავისუფლებას ჯერ კიდევ პროკურატურის შუამდგომლობამდე ითხოვდნენ.
მას შემდეგ, რაც სასამართლომ დაკავებულები 20 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, გაკეთდა პოლიტიკური განცხადებებიც.
"ლელოს" წევრი გრიგოლ გეგელიას შეფასებით, დაკავებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება იმის ნიშანია, რომ "ქართულმა ოცნებამ" კიდევ ერთი საქმე შემოდო თაროზე შემდგომი პოლიტიკური გამოყენებისთვის.
"ეს გირაოს ფაქტორიც მიგვითითებს, რომ "ქართულმა ოცნებამ" კიდევ ერთი საქმე შემოდო თაროზე შემდგომი პოლიტიკური გამოყენებისთვის, მისთვის პოლიტიკურად სენსიტიურ მომენტში. ბუნებრივია, საერთო ოპოზიციურმა მტკიცე ნებამ იმოქმედა იმაზე, რომ დღეს ამ ადამიანებს გირაო შეეფარდათ, მაგრამ, სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ბოლომდე არ გვიმოქმედია, რადგან ისინი ბოლომდე გათავისუფლებულები არ არიან. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში არც ეს და არც სხვა პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები, აღარ იყოს,"- აცხადებს გრიგოლ გეგელია.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე მიიჩნევს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება პოლიტიკური აქტია.
"დიალოგს რაც შეეხება, გააჩნია, როგორი სურვილი ექნება ხელისუფლებას განმუხტოს პოლიტიკური კრიზისი. რაც შეეხება გადაწყვეტილებას, ჩემი აზრი არ შემიცვლია ამასთან დაკავშირებით, ეს არის პოლიტიკური აქტი. რადგან ეს ამ შენობაში არ წყდება, ეს წყდება სისტემის მიერ. ამ ადამიანების გირაოთი გათავისუფლება არის ძალიან მძიმე ისტორია ჩვენი ქვეყნის მართლმსაჯულებისთვის,"- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე დაკავებულ ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გირაოთი შეუცვალა. ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას 20-20 ათასი ლარის გადახდა დაეკისრათ.