"ქართულ ოცნებაში" ნიკა მელიას პროკურატურაში დაბარებასთან დაკავშირებით ოპონენტების ბრალდებებს უპასუხეს. მმართველი გუნდის წარმომადგენლის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, საუბარი პოლიტიკურ დევნაზე საფუძველს სრულიად მოკლებულია.
"თუ სამართლებრივი რეაგირება ხორციელდება, მნიშვნელოვანია, უპირველეს ყოვლისა, შეფასდეს ასეთი სამართლებრივი რეაგირების სისწორე. რაც შეეხება მის დროულობას, ეს მეორეხარისხოვანია და არ მგონია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რაიმე პრობლემური იყოს.
რაც შეეხება განცხადებებს პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებით, ვფიქრობ, ესეც სრულიად მოკლებულია საფუძველს, ვინაიდან ჩვენ ყველამ ერთად ვიხილეთ ის, რაც მოხდა და რაზეც არის სამართლებრივი რეაგირება. არ მგონია, რომ პოლიტიკოსს ჰქონდეს ამის უფლება, როდესაც ის დემონსტრაციულად არაფრად აგდებს მოქმედ სამართალს და სამართლებრივ წესრიგს,"-განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
მმართველი გუნდის კიდევ ერთი წევრი, კახა კუჭავა ხაზს უსვამს, რომ კანონს ყველა თანაბრად უნდა ემორჩილებოდეს, მიუხედავად იმისა, პოლიტიკოსია ის თუ არა.
"კანონი ყველასთვის ერთია, კანონს ვინც არღვევს, შესაბამისად აგებს პასუხს. მე არ ვიცი გადაიხადა თუ არა, გადაიხდის თუ არა, მაგრამ ფაქტი ერთია - ის არ უნდა იყოს გამონაკლისი, როგორც კანონი შეეხება სხვა ადამიანებს, ისე უნდა შეეხოს მას, მნიშვნელობა არ აქვს პოლიტიკოსია თუ ჩვეულებრივი ადამიანი,"- განაცხადა კახა კუჭავამ.
შეგახსენებთ, რომ დღეს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია გირაოს გადაუხდელობის გამო გენერალურ პროკურატურაში დაიბარეს. პროკურატურის ცნობით, ნიკა მელიას გირაოს თანხის - 40 000 ლარის გადასახდელად, დამატებით, ერთკვირიანი ვადა მიეცემა, მისი გადაუხდელობის შემთხვევაში კი, პროკურატურა მიმართავს სასამართლოს მის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობით შეცვლის თაობაზე.