17 ნოემბერი 2024,   11:38
ვრცლად
ნიკა მელიას სასამართლო პროცესი 16:00 საათზე ჩაინიშნა

სასამართლო პროცესი, სადაც მოსამართლემ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარისთვის აღკვეთის ღონისძიების საკითხი უნდა გადაწყვიტოს, დღეს იმართება. პროცესი 16:00 საათზე ჩაინიშნა.

შესაბამისი შუამდგომლობით სასამართლოს გენერალურმა პროკურატურამ გუშინ მიმართა, მას შემდეგ, რაც პარლამენტმა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი შეუჩერა. საგამოძიებო უწყება პატიმრობას ითხოვს. ნიკა მელია მიმდინარე პროცესს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ და სასამართლოში მისვლას არ აპირებს. მისი ადვოკატები პროცესზე აღკვეთის ღონისძიების გაუქმების მოთხოვნას დააყენებენ. ადვოკატ გიორგი კონდახაშვილის თქმით, ნიკა მელიას მიმართ უნდა გაუქმდეს შერჩეული აღკვეთის ღონისძიებაც, ვინაიდან არ არსებობს არანაირი საფუძველი არათუ პატიმრობის, არამედ ნებისმიერი სხვა სახის ღონისძიების.

ადვოკატ დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, მოსამართლე, რომელიც ნიკა მელიას საქმეს განიხილავს, ცნობილია ხელისუფლების მიმართ საკუთარი მორჩილებით და სწორედ ეს მოსამართლე განიხილავდა გიორგი რურუას საქმეს და ის პატიმრობაში დატოვა. დიმიტრი საძაგლიშვილი მიიჩნევს, რომ მოსამართლე ხელისუფლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გაახმოვანებს.

შეგახსენებთ, პროკურატურის განცხადებით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიას გირაოს პირობების შეუსრულებლობის გამო მანამდე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გაუმკაცრდა და გირაოს ოდენობა გაიზარდა 40 000 ლარით. ბრალდების მხარე ნიკა მელიას 2019 წლის 20-21 ივნისის ღამეს ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას ედავება. პროკურატურამ გირაოს გაზრდილი ოდენობის გადახდისთვის ნიკა მელიას ერთკვირიანი ვადა მისცა, რომელიც 12 თებერვალს ამოიწურა. პროკურატურის განმარტებით  გირაოს თანხის გადაუხდელობის გამო ბრალდების მხარემ მიმართა სასამართლოს მის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობით შეცვლის თაობაზე, ამისთვის პროკურატურას პარლამენტის თანხმობა და ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნა სჭირდებოდა. პარლამენტმა 88 ხმით 2-ის წინააღმდეგ ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებას მხარი დაუჭირა.

დღის ამბები