ეკონომიკის მინისტრი სპორტული დარბაზების მფლობელებს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგულაციებს, რომელთა დაცვაც დარბაზებს გახსნის შემდეგ მოუწევთ.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სპორტული დარბაზები 15 მარტიდან განაახლებენ ფუნქციონირებას. სექტორის წარმომადგენლები საგადასახადო შეღავათების დაწესებას ითხოვენ და მათ წინაშე მდგარ გამოწვევებზე საუბრობენ.
ნათია თურნავას განცხადებით, ყველაფერი არის მზად იმისთვის, რომ ფიტნესსექტორმა უსაფრთხოდ უმასპინძლოს თავიანთ მომხმარებლებს.
"ყველაფერი არის მზად იმისთვის, პროტოკოლების ჩათვლით, პასუხისმგებლობის გაზიარების ჩათვლით, სავალდებულო ტესტირებისთვის საჭირო ელექტრონული პლატფორმის ჩათვლით, იმისთვის, რომ მართლა ძალიან უსაფრთხოდ უმასპინძლონ თავის მომხმარებელს, თავის სტუმრებს,"- ამბობს ნათია თურნავა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.
ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი აცხადებს, რომ ფიტნესწარმომადგენლებთან განიხილეს დამატებითი რეგულაციები, რაც გულისხმობს 2 კვირაში ერთხელ თანამშრომლების სავალდებულო ტესტირებას, იმისთვის, რომ მეტად უსაფრთხო გახადონ სამუშაო გარემო.
"რეგულაციები მოიცავს სავალდებულო ტესტირების ნაწილს, რომელიც არის, იქნება სავალდებულო, რომ პერიოდულად 2 კვირაში ერთხელ მოახდინოს თავიანთი თანამშრომლების ტესტირება და ამით მეტად უსაფრთხო გახადონ იქ გარემო," - განაცხადა ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ.
"ოკტოპუს ფიტნეს კლუბის" დამფუძნებლის თქმით, მზად არიან თავიანთ მომხმარებლებს დაახვედრონ უსაფრთხო გარემო, ყველა რეგულაციის დაცვით. მისი განცხადებით, შეხვედრაზე განიხილება ფიტნესსექტორისთვის დამატებითი შეღავათები.