19 ნოემბერი 2024,   16:40
ვრცლად
რეგულაციების მოხსნამ შეიძლება ინფიცირების მატება გამოიწვიოს - თენგიზ ცერცვაძე მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს

რეგულაციების შემსუბუქება გრძელდება, ვაქცინაციის დაწყების თარიღი კი ჯერჯერობით კვლავ უცნობი და ბუნდოვანია. იმისთვის, რომ შეზღუდვების მოხსნამ ინფიცირებულთა ზრდა არ გამოიწვიოს, ეპიდემიოლოგები მოსახლეობას სიფრთხილისკენ და რეკომენდაციების მაქსიმალურად დაცვისკენ მოუწოდებენ.

სპეციალისტების თქმით, თუ საზოგადოება პირბადის ტარების მაჩვენებელს გაზრდის, ქვეყანა შემდგომი ეპიდაფეთქების თავიდან აცილებას შეძლებს.

"შეიძლება რეგულაციების მოხსნამ გამოიწვიოს გარკვეული მატება. პირადად მე მუდმივად მხარს ვუჭერდი მხოლოდ ეტაპობრივ მოხსნას და თავის შეკავებაზე მოვუწოდებდი ერთბაშად მოხსნისგან, რამეთუ ამან შეიძლება გვაიძულოს უკან დავუბრუნდეთ შეზღუდვებს. თუ დავიცავთ მინიმალურ რეგულაციებს, პირბადეებს დახურულ და ღია სივრცეში, სოციალურ დისტანცირებას, მაშინ ჩვენ უმტკივნეულოდ გადავიტანთ ამ შეზღუდვების მოხსნას და არ დაგვჭირდება დავუბრუნდეთ ისევ ლოკდაუნს," - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

პროფესორი, ექიმი თერაპევტი, მედიცინის აკადემიური დოქტორი კარდიოლოგიაში, მაკა ბულეიშვილი ამბობს, რომ რეგულაციების მოხსნამ შესაძლოა ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამწვავება გამოიწვიოს. 

"რა თქმა უნდა, რეგულაციების გახსნას შეიძლება თან მოსდევდეს გარკვეული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამწვავება. ამას არავინ არ გამორიცხავს. ეს ისევ დამოკიდებულია სერიოზულ სიმკაცრეზე არსებული რეკომენდაციების. რეკომენდაციების შესრულების შემთხვევაში, შეიძლება ჩვენ ვაქცინაციამდე შევინარჩუნოთ კიდეც ეს სტაბილური ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა," - აცხადებს მაკა ბულეიშვილი. 

დღის ამბები