26 აპრილი 2024,   21:14
ვრცლად
დაპირისპირება მარტვილის ეპარქიაში - მიტროპოლიტი სტეფანე პეტრე ცაავას ეკლესიის წინააღმდეგ ჯგუფის ორგანიზებაში ადანაშაულებს

მარტვილში ეპარქიის რეზიდენციის აივნიდან ჩამოვარდნილი მედიის წარმომადგენლებისგან ერთ-ერთი თბილისში გადმოიყვანეს. დანარჩენი ხუთი დაშავებული - მათ შორის, "რუსთავი 2-ის" ოპერატორი - მკურნალობას ბინაზე განაგრძობენ. მათ სხვადასხვა სახის მოტეხილობები და ტვინის შერყევა აღენიშნებათ.

გვიან ღამით ერთ-ერთი დაზარალებული ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა სტეფანე (კალაიჯიშვილმა) მოინახულა. მოგვიანებით მან კომენტარიც გააკეთა და მომხდარი ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის პეტრე ცაავას ორგანიზებით ეკლესიაზე თავდასხმად შეაფასა.

"ყველაფერი გვაქვს ჩვენ, ვიდეოკადრები, გამოქვეყნდება ის, რაც აუცილებელია. ორგანიზებული იყო მეუფე პეტრეს მიერ და არის ადამიანები, რომლებიც ამას ამოწმებენ. ეს არის რაღაც ჯგუფი, რომელიც შფოთს ტეხავს ეკლესიაში და ებრძვის საქართველოს ეკლესიას.

რაც იქ მოხდა შიდა საეკლესიოდ ყველაფერს განვიხილავთ და შემდეგ გადავწყვიტავთ როგორ მოვიქცეთ," - აცხადებს ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი).

ექიმის ლევან ქობალიას განცხადებით, ერთ-ერთ პაციენტს წელის მეოთხე მალის მოტეხილობა აღენიშნება და მას სპეციალიზირებულ კლინიკაში გადაყვანა ესაჭიროება. 

"მარტვილიდან კატასტროფის სამსახურის მიერ იქნა გადმოყვანილი ორი პაციენტი. ერთს აქვს წელის მეოთხე მალის კომპრესიული მოტეხილობა, შესაბამისად პაციენტს სჭირდება სპეციალიზირებული კლინიკაში გადაყვანა. მეორე პაციენტს აღენიშნება მარცხენა წვივის მედიალური გოჯის მოტეხილობა, პაციენტმა უარი განაცხადა მომსახურეობაზე და თავისი სურვილით გაეწერა ბინაზე," - განაცხადა ექიმმა ლევან ქობალიამ.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული მალხაზ თორიას განმარტებით, გუშინ ინციდენტისას 6 პირი დაშავდა, მათ შორის ტელევიზიის 5 თანამშრომელი და ერთი მრევლი.

"სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო ჩვენმა ექვსმა თანამოქალაქემ, მათ შორის 5 ჟურნალისტია, ხოლო ერთი არის ეკლესიის მრევლი," - აცხადებს მალხაზ თორია.

რაც შეეხება დაპირისპირებულ მხარეს, სასულიერო პირები და მრევლი დღეს რეზიდენციასთან შეკრებას აღარ გეგმავს, თუმცა მიტროპოლიტ სტეფანეს კვლავ წასვლისკენ მოუწოდებენ. ეპარქიაში გუშინ მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანების მუხლით.

დღის ამბები