08 სექტემბერი 2026,   12:45
ვრცლად
"TV პირველის" ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმაურებიან

"TV პირველის" ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმაურებიან. მათი თქმით, სასამართლო განჩინებაში არ იყო ნახსენებიც კი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მედიისთვის წყაროს გაუთქმელობა და რა შედეგი შეიძლება ჰქონდეს თავისუფალ მედიაზე მსგავსი ტიპის საგამოძიებო მოქმედებებს. მესამე სექტორი გმობს პროკურატურის ქმედებას და აცხადებს, რომ სასამართლოსთვის მიმართვამდე საგამოძიებო უწყებას თავისუფლად შეეძლო ტელეკომპანიისთვის მიემართა და მასალის მოწოდება ეთხოვა.

"ეს შეიძლება იყოს გარკვეული მესიჯი მედიასაშუალებებისთვის, რომ მათი ქმედებები იქნება, რაღაცნაირად, კონტროლქვეშ. საზოგადოების მიმართ, ზოგადად მიზანი კი, რომ აი, პროკურატურა მუშაობს და აქტიურად ცდილობს მტკიცებულებების მოპოვებას და საქმის გახსნას. შეიძლება მიზანი მათ შორის ის იყოს, რომ ტელეკომპანია "პირველი" თუკი ამ ინფორმაციას არ გადასცემს და წყაროს არ გაუმხელს, მერე პასუხისმგებლობას მთლიანად ტელეკომპანიაზე გადაიტანოს გამოძიებამ, რომ ისინი არ ეთანამშრომლებიან სამართალდამცავ უწყებებს,"- აცხადებს "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" მართლმსაჯულების პროგრამის დირექტორი გურამ იმნაძე.

პროკურატურამ 9 მარტს გამოძიება დაიწყო კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის ან/და მიყურადების, ასევე კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. 

იმავე დღეს, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოდან მიღებული იქნა განჩინება "TV პირველიდან" იმ ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობის ამოღებაზე, რომელზეც დატანილი უნდა ყოფილიყო 6 მარტს "ნოდარ მელაძის შაბათის" რეპორტაჟში გამოყენებული კერძო საუბრების ამსახველი ჩანაწერები. 

განჩინების იმ ნაწილმა, სადაც საუბარია იძულების პროპორციული ზომის გამოყენებაზე, პროტესტი გამოიწვია და მედიაზე მოსალოდნელ შეტევად შეფასდა.

დღის ამბები