06 სექტემბერი 2026,   14:44
ვრცლად
ყვარელში ტრეფიკინგის ფაქტზე რასაც ერთი პირის გარდაცვალება მოჰყვა პროკურატურამ დაკავებულს ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ფაქტზე, რამაც დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ჯ.ნ.-ს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაცია პროკურატურა ავრცელებს. 

სასჯელის ზომა 15-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ჯ.ნ. - მ, 2019 წელს, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ა.ფ. სამუშაოდ მასთან ყვარლის რაიონის სოფელ გავაზში დროებით სარგებლობაში მქონე ფერმაში მიიწვია და საცხოვრებლად სათანადო პირობებს დაჰპირდა. 

მიუხედავად დაპირებისა, ჯ.ნ.-მ მასთან სამუშაოდ მისულ ა.ფ.-ს რუსეთის ფედერაციის მოქალაქის პასპორტი ჩამოართვა, მკაცრად უკონტროლებდა თავისუფალ გადაადგილებას, საცხოვრებლად განათავსა საქონლისთვის განკუთვნილ სადგომში და მონობის მსგავს მდგომარეობაში ჩააყენა. ასევე ფიზიკურად ძალადობდა მასზე.   
2021 წლის 10 თებერვალს ჯ.ნ.-მ კვლავ ფიზიკურად იძალადა ა.ფ.-ზე, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა მიიღო. ნაცვლად იმისა, რომ ჯ.ნ.-ს უზრუნველეყო დაზარალებულისთვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევა, აგრძელებდა მასზე ფიზიკურ ძალადობას და აიძულებდა მუშაობას, რის გამოც 7 მარტს კვლავ ფიზიკურად გაუსწორდა მას. მიღებული დაზიანებების შედეგად ა.ფ. 10 მარტს გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ჯ.ნ. 11 მარტს დააკავეს. მას ბრალდება 143-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და მე-4 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებით (ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი), ჩადენილი სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით, რამაც დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ ჯ.ნ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება,"- აღნიშნულია განცხადებაში. 

დღის ამბები