"TV პირველის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი ამ წუთებში მაგისტრანტი მოსამართლის თანდასწრებით იკითხება. პროცესი საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს, ნოდარ მელაძე ადგილზე ადვოკატთან ერთად მივიდა. გამოძიებას კითხვები ირაკლი ღარიბაშვილისა და ბერა ივანიშვილის სატელეფონო საუბრის ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით აქვთ, გამოძიება აუდიოჩანაწერის უკანონოდ მოპოვება-გავრცელების მუხლით მიმდინარეობს.
"არ ვაპირებთ რაიმე ფორმით ვუპასუხოთ ისეთ შეკითხვას, რომელიც ჩვენი ჟურნალისტური საქმიანობის ფარგლებში მოპოვებულ ინფორმაციას ეხება. თურმე ჩვენ გვთხოვეს და ჩვენ მოვითხოვეთ განჩინება - ეს არის ტყუილი. პროკურატურიდან ჩემს ტელეფონზე სატელეფონო ზარი შემოვიდა შემდეგი შინაარსით, რომ მათ აქვთ სასამართლოს განჩინება. ჩემი პასუხი იყო, გამოგვიგზავნეთ სასამართლოს განჩინება, გავეცნობით რას ითხოვს. აქედან გამომდინარე იურისტებთან გავიარეთ კონსულტაციები და იმ წუთშივე ამოიკითხეს იურისტებმა, რომ იქ ეწერა, რომ გამოყენებული იყოს პროპორციული იძულების ზომა," - აცხადებს ნოდარ მელაძე.
საქმის პროკურორის ლაშა კოტრიკაძის თქმით, ამოღების განჩინება არანაირ ძალადობრივ ქმედებას არ გულისხმობს, მათ შორის არ გულისხმობს არც ჩხრეკის ჩატარებას:
"ჩვენ დავუკავშირდით ტელევიზიას, ნოდარ მელაძეს და გვქონდა წინასწარი შეთანხმება და მათ გამოთქვეს თანხმობა, რომ თუ ჩვენ მივიტანდით სასამართლოს განჩინებას ისინი გადმოგვცემდნენ ამ აუდიო ჩანაწერს. თავად ნოდარ მელაძე თანახმა იყო ამის გადმოცემაზე, არ უთქვამს, რომ არ მოგცემთო, ოღონდ მან თქვა, რომ მოიტანეთ განჩინება და კი ბატონო მოგცემთ. ამოღება და განჩინება თავისი არსით არანაირ ძალადობრივ ქმედებას არ გულისხმობს. სიცრუეა იმაზე ლაპარაკი, რომ თითქოს ვიღაცა შემოვარდებოდა ტელევიზიაში, დაარბევდა და რაღაცას ძებნას დაუწყებდა. თუ თქვენ ნებაყოფლობით არ მაძლევთ, მე უფლება არ მაქვს რომ ჩხრეკაზე გადავიდე. ანუ ჩვენ ჩხრეკის განჩინება არ მიგვიღია," - განაცხადა ლაშა კოტრიკაძემ.