იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის ივანე ჩხაიძის განცხადებით, რაც არ უნდა რისკთან იყოს დაკავშირებული ვაქცინაციის პროცესი, ეს რისკი გაცილებით ნაკლებია ვიდრე ის, რაც შეიძლება კორონავირუსმა მოუტანოს თითოეულ ჩვენგანს.
მისივე განმარტებით, სხვა არჩევანი არ არსებობს და ვაქცინაციის პროცესი უნდა გაგრძელდეს.
"რაც არ უნდა მძიმე იყოს, რაც არ უნდა რისკთან იყოს დაკავშირებული ვაქცინაციის პროცესი, ეს რისკი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე უშუალოდ ის რისკი, რაც შეიძლება კორონავირუსმა მოუტანოს თითოეულ ჩვენგანს.
ასე რომ, მე ვფიქრობ, სხვა არჩევანი არ გვაქვს, ვაქცინაციის პროცესი უნდა გაგრძელდეს, უნდა გაგრძელდეს უფრო მეტად მომზადებული, უფრო მეტად ამ შემთხვევის გათვალისწინებით სიფრთხილით ჩატარებული ყველა ინექციის ფონზე, მაგრამ გავიმეორებ, სამწუხაროდ, ჩვენ სხვა არჩევანი არ გვაქვს," - აცხადებს ივანე ჩხაიძე.
ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში აკაკი ზოიძე აცხადებს, რომ მსოფლიოში პანდემიით შექმნილი კოშმარული სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი არის ვაქცინაცია.
"ვაქცინაცია არის ერთადერთი გამოსავალი ამ კოშმარული სიტუაციიდან, რაც შექმნა პანდემიამ მსოფლიოში და ჩვენს ქვეყანაში და მეორე, რომ ვაქცინისგან მოსალოდნელი სარგებელი ბევრ ათასეულჯერ აჭარბებს იმ რისკს, რაც არ უნდა ტრაგიკული გამოხატულება გვქონდეს ჩვენ ამ რისკის რეალიზაციისა, რაც იყო ჩემი ახალგაზრდა კოლეგის გარდაცვალება, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად ვიხილეთ.
იმავდროულად, გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა გვაქვს პანდემიით დაღუპულ ადამიანებში. სანამ არ მოხდება ვაქცინაციით 60-70%-ით ჩვენი მოქალაქეების მოცვა, ყოველდღე უნდა ველოდოთ, რომ 10, 15, 20, ღმერთმა დაგვიფაროს როგორც ეს დეკემბერში იყო, ამდენი რაოდენობით ადამიანი დაიღუპება," - განაცხადა აკაკი ზოიძემ.