11 სექტემბერი 2026,   14:51
ვრცლად
კიდევ ერთი მეწყერი გუდამაყარში - ზვავის სავარაუდო მოცულობა 100 კუბური მეტრია

ამ დრომდე ჩაკეტილია ოშპიტელი-გუდამაყრის გზა. ადგილზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

კვლავ გარესამყაროსაა მოწყვეტილი 22 სოფელი. ადგილზე მუშაობენ სპეციალისტები, რომლებიც ცდილობენ დაადგინონ რა გახდა მიწის ჩამოშლის მიზეზი და არსებობს თუ არა ისევ სტიქიის განმეორების საფრთხე.

სოფელ ოშპიტელთან კლდოვანი ფერდობი გუშინ საღამოს, დაახლოებით, 7 საათისთვის, ჩამოიშალა.

"დღეს დილით დაზიანდა 110 კვ-ტიანი მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზი, რამაც დაბა გუდაურის, ფასანაურის, მისი მიმდებარე სოფლების და მთლიანად გუდამაყრის ხეობის გათიშვა გამოიწვია. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები, უმოკლეს ვადაში აღდგება ელექტროენერგიის მიწოდება,"- განმარტავს მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე.

"გათენებისას განვითარდა კლდეზვავითი მეწყრული პროცესი, რომლის სავარაუდო მოცულობა 100 კუბური მეტრია. ოპერატიულად მოხდა საავტომობილო გზის ჩაკეტვა, გაიცა რეკომენდაციები ფერდობის ჩამოწმენდის და გზის გაწმენდის შესახებ. მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება,"- აცხადებს გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი თორნიკე თოღუზაშვილი.

დღის ამბები