ჭყონდიდის ეპარქიის მმართველი კვლავ დასჯილ მღვდლებს აფრთხილებს. მეუფე სტეფანე სასულიერო პირებს სინანულისკენ მოუწოდებს, ამისთვის მათ 1 კვირიან ვადას აძლევს. ეპისკოპოსმა ამის შესახებ საღამოს ლოცვაზე ამბიონიდან ისაუბრა.
"სასულიერო პირებს, ყველას ვაძლევ ერთ კვირას, ვინც არის ჩემს იურისდიქციაში, რომ მოინანიონ ღიად და საქვეყნოდ თავისი საქციელი, ამბოხში მონაწილეობა. ერთ კვირაში ვინც ამას არ გააკეთებს, ის, რაც ჩემზე იქნება დამოკიდებული, გავაკეთებ. თუ პეტრეს და მის ამფსონებს, მე მათ სასულიერო პირებად ვეღარ ვხედავ, თუ არ მოინანიებენ, თუ მოინანიებენ მერე შეიძლება ყველაფერი მოხდეს სასიკეთოდ. უკვე ეს პრობლემა ისეთში გადავიდა, რომ უკვე ზღვარს გადააცილეს, ამიტომ მე ვაყენებ წმინდა სინოდის წინაშე საკითხს," - განაცხადა ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძემ).
"ცრუ პეტრე" - ასე აფასებს ჭყონდიდის ახალი მიტროპოლიტი ყოფილს. მიტროპოლიტი სტეფანე ამბობს, რომ ეპარქიაში ამბოხის მოწყობას სასულიერო პირები ცდილობენ, მათ უკან კი მეუფე პეტრე დგას.
ჭყონდიდის ეპარქიის "ფეისბუკ" გვერდზე მიტროპოლიტ სტეფანეს ლოცვა-კურთხევით 2017 წელს გამოქვეყნებული წერილიც გავრცელდა, სადაც მიტროპოლიტი სტეფანე პეტრე ცაავას პატრიარქისადმი მორჩილებისკენ მოუწოდებს.
"ცრუ პეტრემ გამოაცხადა დაუმორჩილებლობა, ანუ განხეთქილება შემოაქვს ეკლესიაში. ეს არის საშინელი, ძალიან დიდი დანაშაული. აქ არის პირდაპირ მოწოდება სამღვდელოებისადმი, რომ არ დაემორჩილოს ეკლესიას, წმინდა სინოდს და მის განჩინებას.
ვერაფრით ვერ ვაღიარებ მას საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავრად, ის არის ცრუ მღვდელმთავარი, მომწოდებელი განხეთქილებისკენ, აქედან გამომდინარე ჩემი კომპეტენციით რაც შემიძლია, მე ამ განხეთქილებას არ დავუშვებ ამ ეპარქიაში," - წერს მეუფე სტეფანე.