უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცედურის ფარგლებში დამატებითი განცხადებების მიღებას დღეიდან იწყება.
"საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში განხორციელებული ცვლილებების თანახმად ვაკანტურია 11 ადგილი. რეგისტრაცია ელექტრონულად 12 აპრილის ჩათვლით არის შესაძლებელი.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრ ნაზი ჯანეზაშვილისთვის პროცესი კითხვის ნიშნებს აჩენს და არ გამორიცხავს, რომ კვლავ კლანის ინტერესებს ემსახურებოდეს. საბჭოში კი ბრალდებებს აბსურდულს უწოდებენ და ჯანეზაშვილს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებების გაცნობისკენ მოუწოდებენ.
"ძალიან უცნაური პროცესის მომსწრე ვართ რეალურად, ვინაიდან ასეთი რამ არც საბჭოს ისტორიაში, არც სასამართლოების ისტორიაში მე არ გამიგია და არ მსმენია, რომ კონკურსის შუაში შეცვალონ კანონი და ამ ახალი კანონის საფუძველზე შექმნან სამართლებრივი მექანიზმი იმისა, რომ ახალი განაცხადები შემოვიდეს.
ეს პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ ან ვიღაც უნდათ, რომ შემოიყვანონ როგორც კანდიდატი და გახადონ მერე უზენაესის მოსამართლე, ან კიდევ სხვა ტიპის მზაკვრული გეგმები აქვთ, რომელიც სასამართლოში უკვე დაკომპლექტებას ეხება უზენაეს სასამართლოსთან დაკავშირებით," - განაცხადა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა.