საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, მდინარე ენგურის გადმოლახვის დროს დაღუპული 60 წლამდე თამაზ ბასლანძის ცხედარი ოკუპირებულ გალში, ენგურის ხიდიდან რამდენიმე წუთის წინ გადაასვენეს.
ცხედარს, ენგურის ხიდიდან ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სასწრაფოს სამედიცინო დახმარების მანქანა გადაასვენებს.
საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან ოკუპირებულ აფხაზეთში თამაზ ბასლანძის მხოლოდ ერთი ნათესავი ახერხებს გადასვლას, რადგან სხვა ახლობლებს ოკუპირებულ გალში გადასვლის და მიცვალებულისთვის პატივის მიგების შესაძლებლობა არა აქვთ.
გალშია გადასვენებული 30 წლის თამარ ცატავაც. კიდევ ორ გარდაცვლილს, ცოლ-ქმარს ზუგდიდიდან გალის რაიონში სავარაუდოდ უკვე ხვალ გადაასვენებენ.
ცნობისთვის, ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ 4 ადამიანს ახლობლები და ოჯახის წევრები 2 დღის განმავლობაში ეძებდნენ. გუშინ შამგონაში, ე.წ. საზღვრისპირა სოფელში საოკუპაციო ხაზთან მდინარე ენგურმა ერთ-ერთი მათგანის ცხედარი გამორიყა, ორი კი მაშველებმა მდინარიდან ამოიყვანეს, მეოთხე გარდაცვლილი ახალგაზრდა მამაკაცი კი მაშველებმა სოფელ ორსანტიაში იპოვეს.