მესამე სექტორი თვლის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, ირღვევა გამოხატვის თავისუფლება - დღეს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ ერთობლივი განცხადება გააკეთა.
უხეში და დაუსაბუთებელი ჩარევა, დისკრიმინაციული და შეურაცხმყოფელი მიდგომა აქციის მონაწილეების მიმართ და საბოლოო მიზანი, რომ მთლიანად განეიტრალდეს ნამოხვანი აქციის მონაწილეებისგან და პროტესტისგან - ეს არის სამი ძირითადი გზავნილი, რომელზეც არასამთავრობო სექტორი საუბრობს, "მწვანე ალტერნატივა", EMC, ასევე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დღეს ერთობლივ განცხადებაში აკეთებენ აქცენტს იმაზე, რომ პოლიციის მხრიდან რეპრესიული ქმედებებია. პრესკონფერენციის დროს მესამე სექტორის წარმომადგენლები რამდენიმე არგუმენტს იშველიებენ თუ რატომ არის მათი აზრით დაუსაბუთებელი აქციის მონაწილეების გამოყვანა მანამდე დაკავებული ტერიტორიებიდან.
"არის სრულიად უხეში და დაუსაბუთებელი ჩარევა ადამიანების ფუნდამენტურ უფლებაში როგორიც არის შეკრების თავისუფლება. ჩვენ ვხედავთ, რომ ბოლო დროს რიონის ხეობაში განვითარებული მოვლენები იღებს ძალიან ცხადად მძიმე, უხეშ და უფლებაშემლახავ სახეს. საპოლიციო რეპრესია, ძალა და ფორმა - ეს არის ერთადერთი როლი, რომელიც დღეს ჩვენს ხელისუფლებას აქვს.
დგანან მშვიდობიანი მოქალაქეები და ისინი ინარჩუნებენ ამ ფორმას მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მძიმე იყო გუშინ ჩარევა მათ უფლებებში მათ ფიზიკური წინააღმდეგობა არ გაუწიეს," - აცხადებს სოციალური სამართლიანობის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ლინა ღვინიანიძე.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის ნიკა სიმონიშვილის განცხადებით, თუ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ კარვების დაშლა განპირობებული იყო იმით, რომ თითქოს რიონის წყლის დონე დიდდებოდა, რატომ არ შესთავაზეს აქციის მონაწილეებს ალტერნატიული ტერიტორია პროტესტის გასაგრძელებლად.
ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გაჟღერებული ერთ-ერთი არგუმენტი იყო ის, რომ თუ წყლის დონის აწევა საფრთხეს უქმნის აქციის მონაწილეებს, იგივენაირად ეს შესაძლოა უქმნიდეს ჰესის მშენებელი კომპანიის "ენკას" თანამშრომლებსაც საფრთხეს, თუმცა მათი გამოყვანა ტერიტორიიდან არ მომხდარა.
"ბაზები არის განლაგებული კომპანია "ენკას" სამშენებლო ბანაკები, განსაკუთრებით მთავარი ბაზა არის განლაგებული პრაქტიკულად ზედ, მდინარის პირზე და შესაბამისად აქ იბადება კითხვა თუ რატომ არ ხდება მაგალითად „ენკას“ თანამშრომლების ევაკუაციაც ანალოგიურად. აქედან გამომდინარე ლოგიკურად ჩნდება შეუსაბამობა ამ განცხადებებს შორის. ვითხოვთ ნამდვილად, გამოვიდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს შენაერთები პირდაპირი ამ სიტყვის მნიშვნელობით ამ ტერიტორიიდან და ადამიანებს მიეცეთ მათი კონსტიტუციით გარანტირებული უფლების რეალიზაციის საშუალება," - აცხადებს "მწვანე ალტერნატივას" IFI-ს მონიტორინგის პროგრამის კოორდინატორი დავით ჭიპაშვილი.
რაც შეეხება დიკსრიმინაციას, მესამე სექტორში ასევე საუბრობდნენ ალკოჰოლის გამოყენებაზე და ტრაგედიაზე, რომელიც მათი განცხადებით, ხელისუფლებამ პროტესტს დაუსაბუთებლად დაუკავშირა.
პარალელურად, დღეს მთავრობის ადმინისტრაციასთან სამოქალაქო სექტორის აქცია გაიმართება.