ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული ლაშა ტალახაძე თბილისშია. ქართველ ძალოსნებს გულშემატკივრები აეროპორტში დახვდნენ.
"ჩემი მთავარი მიზანი იყო საქართველოს ჰიმნი ამეჟღერებინა მოსკოვში, რაც შევძელით, არამარტო მე, არამედ მთელმა გუნდმა ასახელა ჩვენი ქვეყანა. მიმაჩნია, რომ კარგი გამოსვლა იყო,"-განაცხადა ლაშა ტალახაძემ "რუსთავი2-თან".
რუსეთის დედაქალაქში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე, ქართველმა მძიმეწონოსანმა ძალოსანმა 3 ოქროს მედალი მოიპოვა და კონტინენტის პირველობის გამარჯვებული ზედიზედ მეხუთედ გახდა.
ტალახაძემ ატაცში 211, 217 და 222 კილოგრამიანი შტანგა ასწია და ბოლო მისვლაზე მსოფლიოს რეკორდი დაამყარა. აკვრაში ტალახაძემ 245, 253 და 263 კილოგრამი დაიმორჩილა და ამ მოძრაობაშიც ყველას აჯობა. საერთო ჯამში ქართველმა ათლეტმა 485 კილოგრამი დააგროვა და მსოფლიოს კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა.