19 ნოემბერი 2024,   18:36
ვრცლად
ეჭვიანობის ნიადაგზე რაღაც უაზრობაში აღმოვჩნდი უცებ - დავით კოდუა

ცოლისა და შვილის ძალადობის ფაქტზე ბრალდებულმა ბიზნესმენმა დავით კოდუამ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ დაძაბულობა ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა.

"4 შვილის მამა ვარ, შვილიშვილის ბაბუა ვარ. ამან თქვა, იმან თქვაზე აწყობილი ქალი, ემოციებით იყო დატვირთული და ეჭვიანობის ნიადაგზე რაღაცა უაზრობაში აღმოვჩნდი უცებ. 

ჩავიცვი, ლიფტთან წავიდა ეს ამბავი – არ წახვიდე, სად მიდიხარო... ლიფტთან წავიქეცი," - აღნიშნა კოდუამ.

 დავით კოდუას ადვოკატის მუხრან ღურწკაიას განცხადებით, დაცვის მხარე სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

ადვოკატის თქმით, საქმეში წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება ბრალდებულის სასარგებლოდაა წარმოდგენილი.

"დაზარალებულის პირველი ჩვენების მეტი არ არსებობს, რომელი ჩვენებაც პრაქტიკულად მასმედიის საშუალებებით და ყველა დოკუმენტებით უარყვეს ამ ადამიანებმა. სასამართლომ მიიღო აბსოლუტურად უკანონო გადაწყვეტილება და მისი დასაბუთება ნულის ტოლფასი იქნება, იმიტომ რომ ყველა მტკიცებულება იყო ბრალდებულის სასარგებლოდ. ჩვენ ბუნებრივია ვასაჩივრებთ ამ გადაწყვეტილებას 48 საათში და სააპელაციო სასამართლო ალბათ სწორად შეაფასებს იმ არგუმენტებსა და პოზიციებს, რაც ჰქონდა დაცვის მხარეს," - განაცხადა ადვოკატმა.

პროკურორის თამარ ყულიჯანიშვილის განცხადებით კი, ბრალდების მხარე არ ხელმძღანელობდა მხოლოდ დაზარალებულების მიერ მოწოდებული ინფორმაციებით და საქმეში წარმოდგენილია მტკიცებულებათა ერთობლიობა.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ დავით კოდუას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარე კოდუას აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას, პროკურატურა კი პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს. დავით კოდუას ოჯახი ითხოვს, რომ ბიზნესმენი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდეს და შემაკავებელი ორდერი გამოიწეროს.

დღის ამბები