მაჭავარიანის ქუჩაზე მეწყერსაშიშ ფერდობზე მონიტორინგის შედეგად რისკები შემცირებულია. ამის შესახებ განცხადება დედაქალაქის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა გააკეთა.
ირაკლი ბენდელიანმა გერმანელ და ქართველ ექსპერტებთან ერთად მეწყერსაშიში ზონის დათვალიერების შემდეგ ჟურნალისტებთან ადგილზე განხორციელებული სამუშაოების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფერდობზე დიდი მოცულობის მიწის მასა მოხსნეს და ამ მასით ე.წ. წინაღობა შექმნეს.
მისივე თქმით, დაიგეგმა კონკრეტული გამაგრებითი სამუშაოები.
"მოხდა დიდი მოცულობის მიწის მასის მოხსნა, რაც გულისხმობს თვითონ მეწყერის ტანის შემცირებას. გარდა ამისა, მოხდა ამ მოჭრილი მასით ე.წ. წინაღობის შექმნა, ასევე კონკრეტული ჭაბურღილების გაკეთება. უკვე რისკები თითქმის მოხსნილია და მინიმალურამდე არის დაყვანილი. ახლა ჩვენ გაცილებით უფრო მეტი დრო გვაქვს, რომ აქ უკვე შემდგომი რიგი სამუშაოები დაიგეგმოს და განხორციელდეს კონკრეტული პროექტირების საფუძველზე," - აღნიშნა თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმა.