საქართველოში კოვიდ ინფიცირებულთა რაოდენობა კვლავ უბრუნდება კრიტიკულ ზღვარს. ბოლო 24 საათში - 1 792 დადასტურებული შემთხვევა, აქედან ათასზე მეტი თბილისში.
იქნება თუ არა ახალი მკაცრი რეგულაციები? ამაზე მთავრობა რამდენიმე დღეში იმსჯელებს.
დღეს ცნობილი გახდა საქართველოში COVID-19 თან დაკავშირებული კვლევის შედეგები. როგორც აღმოჩნდა ინფიცირებულთა რაოდენობა დადასტურებულზე 2-ჯერ მეტია. თბილისის ზრდასრული მოსახლეობის დაახლოებით მესამედს კი, COVID-19 უკვე გადატანილი აქვს.
კვლევის ფორმა აქვს საქართველოში დაწყებულ აცრის მსურველთა რეგისტრაციასაც. პორტალზე სურვილების გამოხატვა უკვე დაიწყო.
რომელ ვაქცინას ანიჭებთ უპირატესობას , საკუთარი პოზიციის დაფიქსირება პორტალზე https://www.moh.gov.ge/covid-chart/register/register არის შესაძლებელი.
საიტზე ავსებთ ყველა საჭირო ველს, უთითებთ პირად მონაცემს, ასევე გეძლევათ პრეპარატებს შორის არჩევანის გაკეთების საშუალება. მიზანია ჯანდაცვის სამინისტროს ჰქონდეს ინფორმაცია რამდენად მაღალია საზოგადოების მხრიდან ვაქცინაციაში ჩართვის მზაობა.
ვაქცინის მსურველთა გასარკვევად შექმნილ ოფიციალურ ვებ გვერდზე უკვე დარეგისტრირებულია 45 ათასამდე ადამიანი, იმაზე მეტი, ვიდრე აცრა აქვს გაკეთებული.
მოქალაქეების უმეტესობა, როგოც მოსალოდნელი იყო არჩევანს "ფაიზერზე" აკეთებს. წინასწარი რეგისტრაცია მათ შორის გაიარეს "მოდერნაზე", "ფაიზერზე" და სურვილი ჩინურ ვაქცინაზეც გამოითქვა. თუმცა სპეციალისტები საყოველთაო აცრისთვის საკმარისი და მოქალაქეებისთვის სასურველი პრეპარატის მოკლე ვადებში შემოტანას საქართველოში სკეპტიკურად უყურებენ.
მოთხოვნადი პრეპარატი, რომ მოკლე ვადებში ვერ შემოვა, ამას ჯანდაცვის სამინისტროშიც ამბობენ. თუმცა ვიცით, რომ მილიონ დოზა "ფაიზერის" შემოტანაზე მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს. ვიდრე "ბიონ ტეკის" მიერ წარმოებული პრეპარატი შემოვა, მანამდე მიმდინარე თვის ბოლოს "ასტაზენეკას" 50 ათასი დოზა ვაქცინა ექნება ქვეყანას .
რა განსხვავებაა ვაქცინებს შორის? ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ევოლუციური ბიოლოგი "კურიერთან" ინტერვიუში პრეპარატის 3 ჯგუფზე საუბრობს, ეს არის ტრადიციული მეთოდებით დამზადებული ვაქცინა, ვექტორული და RNA-ზე დაფუძნებული. ყველა პრეპარატი ორგანიზმს უქმნის ილუზიას, რომ კორონავირუსი ანტისხეულები გამოიმუშაოს განსხვავება მხოლოდ გვერდითი მოვლენებია, რისკი ყველას შემთხვევაში ორია, მათ შორის ალერგიული რეაქცია.
ვიდრე დამატებითი პრეპარატი შემოვა საქართველოში და ივლისში მასიური ვაქცინაცია დაიწყება, მანამდე აქტიურად მიმდინარეობს სამიზნე ჯგუფების ჩართვა იმუნიზაციაში. დღეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში 50 პედაგოგი აიცრა. ვაქცინაციაში საზოგადოებისთვის ცნობილი მედიკოსები ჩაერთვნენ და მასწავლებლებს აცრა თავად გაუკეთეს. სულ ქვეყანაში 15 მარტიდან დღემდე 31 ათასზე მეტი პირია აცრილი.