15 მაისი 2021,   19:06
ვრცლად
უკრაინა ომის ზღვარზე - კრემლი ისევ მუქარის რეჟიმშია

აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ძალები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას კვლავ არღვევენ. გასროლა ხდება ტანკსაწინააღმდეგო და საზენიტო სისტემის სამხედრო ტექნიკიდან.

უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, გასულ ღამეს ესკალაციას მსხვერპლი არ მოჰყოლია. უკრაინის პრეზიდენტი კონფლიქტის მოგვარებისთვის კვლავ დიპლომატიურ გზას ირჩევს. ზელინსკი რუს კოლეგას აღმოსავლეთ უკრაინაში ეპატიჟება.

რუსეთს თავისი პოლიტიკური ინტერესები აქვს და ამაზე უარის არც სანქციები და არც დასავლეთის მუქარა აიძულებს, ესაა ვლადიმერ პუტინის პოზიცია, რომელიც მან საჯაროდ დღეს ფედერალური კრებისადმი თავის ყოველწლიურ მიმართვაში გააჟღერა. მისი თქმით, ნებისმიერი პროვოკაციის მცდელობაზე დასავლეთი მიიღებს ასიმეტრიულ და ხისტ პასუხს.

რუსული მუქარისა და უკრაინის საზღვარზე 150 000 სამხედროს მობილიზების მიუხედავად, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრს, კვლავ აქვს დასავლეთის იმედი, რომ კონფლიქტს მშვიდობიანი გზით მოაგვარებენ. თუმცა არსენ ავაკოვმა განაცხადა, რომ ომის შემთხვევაში, უკრაინა ოკუპანტს არაფერს დაუთმობს.

აღმოსავლეთ უკრაინაში ესკალაციის პროცესის შეჩერება, რომ შეუძლებელი ხდება, ამას დასავლეთში არ უარყოფენ. შეერთებულმა შტატებმა უკრაინის შემდგომი მხარდაჭერისთვის მზაობა გამოთქვა. გაერთიანებულმა სამეფომ კი უკრაინასთან სამხედრო თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა. დასავლეთში ფიქრობენ, რომ ომის შემთხვევაში, უკრაინას გაცილებით დიდი სამხედრო პოტენციალი ექნება, ვიდრე ეს 7 წლის წინ იყო.

შეძლებს თუ არა დასავლეთის სასანქციო პოლიტიკა აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარების დეესკალაციას და ჩაერევა თუ არა ნატო სამხედრო კონფლიქტში კვლავ ბუნდოვან საკითხად რჩება. უკრაინას ნებისმიერ შემთხვევაში, მოუწევს მიიღოს ის მოცემულობა რომელსაც დასავლეთი შესთავაზებს. აცხადებენ საერთაშორისო სამხედრო საქმის ექსპერტები.

დღის ამბები