128 საჯარო ბაღში სამართალდამცველები მუშაობენ - მათ უნდა გაარკვიონ, სცემდა თუ არა საბავშვო ბაღის მასწავლებელი 3 წლის აღსაზრდელს.
საჯარო ბაღში მომხდარი ინციდენტის შესახებ "კურიერს" არასრულწლოვნის დედა თავად დაუკავშირდა. დედა ამბობს, რომ მის შვილს სახეზე სილურჯეები და ნაკაწრი აღენიშნებოდა, რის შემდეგაც მან საბავშვო ბაღის ადმინისტრაციას მიმართა და შენობაში განთავსებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერები მოითხოვა, სადაც, მისი თქმით, ჩანს ნჯღრევისა და სახეში გარტყმის ფაქტი.
"ორი ფაქტია - შენჯღრევისა და ხელის დარტყმის...ეს რაც ვნახე ჩემი თვალით. პოლიციას აქვს ამოღებული და საქმე არის აღძრული. მე ვითხოვ ბავშვის თავზე გადაღებას..." - განაცხადა "კურიერთან" საუბრისას ბავშვის დედამ.
რაც შეეხება საბავშვო ბაღის დირექტორს, ის "კურიერთან" საუბრისას აღმზრდელის მხრიდან ბავშვზე უხეშად შეხებას ადასტურებს, თუმცა არ ადასტურებს მოზარდის ცემის ფაქტს. დირექტორი ამბობს, რომ სწორედ ადმინისტრაციის ჩართულობით მოხდა კამერების ამოღება და სამართალდამცველების გამოძახება.
სავარაუდო ძალადობაში მონაწილე აღმზრდელი სამსახურიდან უკვე გათავისუფლებულია.
"ფაქტზე პარასკევს, 23 აპრილს საღამოს 5-ის ნახევარზე შემოვიდა ჩემთან ინფორმაცია მშობლისგან. იმ მომენტში აღელვებული შემოვიდა და მოითხოვა კამერების ნახვა. რაღაც ფაქტს აქვს, რა თქმა უნდა, ადგილი, მე ამ ფაქტზე ვერ ვისაუბრებ, გამოძიებაა დაწყებული.
დილით როგორც კი მოვედი, გავათავისუფლე აღმზრდელი სამსახურიდან, თანაშემწეს შევუცვალე სამუშაო ადგილი, ანუ ჯგუფიდან გამოვიყვანე და შევუცვალე სამუშაო ადგილი," - განაცხადა ბაგა-ბაღის დირექტორმა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.