ტყიბულში მომხდარ სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული გაამართლეს - საქმეზე ვერდიქტი ნაფიცმა მსაჯულებმა გამოიტანეს.
საქმეზე ყოფილი ბრალდებულის მეუღლე აცხადებს, რომ ნაფიცმა მსაჯულებმა ზაზა ჩაფიძე ორივე წარდგენილ ბრალდებაში გაამართლეს.
"განვაცხადე, რომ მე დავამტკიცებდი ჩემი მეუღლის უდანაშაულობას და ეს მოხდა ასე. ნაფიცმა მსაჯულებმა გუშინ ზაზა ჩაფიძე მთლიანად გაამართლეს, გამოვიდა გამამართლებელი ვერდიქტი, ბრალად ჰქონდა წარდგენილი მკვლელობა 108-ე მუხლით და ასევე იარაღის შეძენა-შენახვა-უკანონო ტარება 236-ე მუხლი. ორივე წარდგენილ ბრალდებაში ჩემი მეუღლე გამართლდა," – აცხადებს ზაზა ჩაფიძის მეუღლე ნინო მეფარიშვილი.
ზაზა ჩაფიძის ადვოკატის თქმით, საქმეში არ არსებობდა მტკიცებულება, რომელიც მისი დაცვის ქვეშის მყოფის ბრალეულობას დაამტკიცებდა. დაკავებული დარბაზიდან გაათავისუფლეს.
"გუშინვე გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან. აღნიშნული დანაშაულისათვის გათვალისწინებული იყო თავისუფლების აღკვეთა 7-დან 15 წლის ვადით. ნაფიცმა მსაჯულებმა დაახლოებით 8 საათი იფიქრეს ამ გადაწყვეტილების მიღებაზე და მათ 8/4-ზე ხმათა შეფარდებით მიიღეს ორივე ბრალდებაში გამართლების გადაწყვეტილება," - განაცხადა ადვოკატმა გელა სორდიამ.
შეგახსენებთ, ტყიბულში 35 წლის მამაკაცი ქუჩაში გასულ წელს ჩაცხრილეს. საქმეზე ერთი პირი დააკავეს.