რატომ ტოვებს "ქართული ოცნება" შესაძლებლობას, ბრალდებულმა ამნისტიაზე უარი თქვას - ამ კითხვაზე პასუხს ოპოზიცია ითხოვს.
ეს არ არის ერთადერთი პუნქტი, რომელიც ხელისუფლების ოპონენტებისთვის ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით გაუგებარია.
20 ივნისის მოვლენებზე მმართველი გუნდის მიერ შემუშავებულმა ამნისტიის პროექტმა პოლიტიკური დისკუსიის მორიგი რაუნდი გახსნა.
"ეს კანონპროექტი სრულიად აცდენილია იმ შეთანხმებას, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ. როგორც ჩანს, კობახიძის ხაზმა გაიმარჯვა, იმიტომ, რომ ის გვაუწყებდა, არ შეიძლება ადამიანს შეეხოს ამნისტია, რომელიც თანახმა არ არის. ეს აბსურდი, ნონსესია და ბატონ კობახიძეს, რომელსაც თავი მოაქვს იურიდიული განათლებით, უხერხული უნდა იყოს მსგავსი იდეების ტურაჟირება,"- აცხადებს პარლამენტის წევრი სალომე სამადაშვილი.
"ეს არის "ქართული ოცნების" წვრილმანი ხულიგნობა, რომელსაც კანონპროექტთან დაკავშირებით აკეთებს. დიდი ალბათობით, ეს ჩანაწერი ამოღებული იქნება, წინააღმდეგ შემთხვევაში, დიდ პრობლემებთან იქნება დაკავშირებული. ფაქტია, რაც არ უნდა ჩაიწეროს ამ კანონპროექტში, ნიკა მელია 3-4 კვირაში მაინც იქნება გათავისუფლებული,"-აცხადებს პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" პოლიტიკური საბჭოს წევრი სერგო ჩიხლაძე.
"გამორიცხულია, პარლამენტში წარდგენილი "ქართული ოცნების" ეს უმძიმესი ინიციატივა საბოლოო ჯამში იყოს დამტკიცებული, რაც პირდაპირ არის მიმართული იმისკენ, რომ ჩანაწერის მიხედვით ნიკა მელია რჩება ციხეში და ყველა დანარჩენი, მათ შორის, ვინც დანაშაულს სჩადიოდნენ 19-20 ივნისის ღამეს, გათავისუფლდებიან. ეს არის მზაკვრული ჩანაფიქრი "ქართული ოცნების" და ისინი შეეცდებიან ეს ჩანაფიქრი ბოლომდე გაიტანონ,"- აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ზაალ უდუმაშვილი.
მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ დოკუმენტი საკმაოდ დაბალანსებულია, რაც საზოგადოებას სჭირდება.
"თუკი ადამიანი წინააღმდეგია, როგორ შეიძლება ძალით იყოს ამნისტირებული? საკმაოდ დაბალანსებული დოკუმენტია და დეტალებზე იურისტებმა იმსჯელონ. საზოგადოებას, ქვეყნის ხვალინდელ დღეს სჭირდება, რომ ფურცელი გადაიშალოს იმ ინტერესით, რომ საზოგადოება განვითარდეს და სტაბილურობა იყოს და არა იმ მიზნით, რომ მელიამ და სააკაშვილმა პოლიტიკური დივიდენდები მიიღონ,"- აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი.