02 მაისი 2024,   11:29
ვრცლად
COVID-19-ის ცუნამი ინდოეთში - ქვეყანა, რომელიც ყოველ 4 წუთში ერთ ადამიანს კარგავს, სრული ლოკდაუნისთვის ემზადება

ინდოეთში COVID-19-ის უკონტროლო გავრცელებას უკვე უწოდეს ვირუსის ცუნამი. მხოლოდ ბოლო 24 საათში ინფექციით 4 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა. რაც პანდემიის დაწყებიდან დღემდე რეკორდული დღიური მაჩვენებელია. ქვეყანა ყოველ 4 წუთში ერთ ადამიანს კარგავს.

13 სახელმწიფოს ჰუმანიტარული დახმარება ინდოეთისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. ქვეყანა ისევ სამედიცინო აღჭურვილობისა და პერსონალის მწვავე დანაკლისს განიცდის. პაციენტების მკურნალობაში სტუდენტები ჩაერთვნენ.

კრემატორიუმები ქუჩებში, რიგები ჟანგბადის ბალონებთან - უმძიმესი მდგომარეობის ფონზე ინდოეთი სრული ლოკდაუნისთვის ემზადება. მანამდე კი მკაცრი რეგულაციები ქვეყნის შტატებმა ინდივიდუალურად მიიღეს 

კვლავ მძიმეა მდგომარეობა ბრაზილიაში, სადაც ვირუსი ერთ დღეში ოთხმოცი ათასამდე ადამიანს დაუდასტურდა. ქვეყანაში გარდაცვლილთა რიცხვი ნახევარ მილიონს უახლოვდება. ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა კოლაფსის პირასაა. ბრაზილიის პრეზიდენტი რომელიც უმართავი სიტუაციის გამო საზოგადოების კრიტიკის სამიზნე გახდა თითს ჩინეთისკენ იშვერს და ოფიციალურ პეკინს კორონავირუსის სახით ბიოლოგიური იარაღის შექმნაში ადანაშაულებს.

მესამე ტალღის პრევენციის მიზნით ზომებს ამკაცრებენ კანადის ზოგიერთ პროვინციაში. თვის ბოლომდე შეიზღუდება ღია სივრცეებში 5 პირზე მეტის შეკრება, დაიხურება სპორტული დარბაზები,მუზეუმები და ბიბლიოთეკები. აიკრძალება რელიგიური მსახურებები დახურულ სივრცეებში.

ბოლო კვირის განმავლობაში ინფექციის შემთხვევები მზარდია საფრანგეთსა და გერმანიაშიც. ორივე ქვეყანაში ინფექცია ყოველღიურად თითქმის 20 ათასამდე ადამიანს უდასტურდება. ამ ფონზე საფრანგეთის პრეზიდენტი დიდი ბრიტანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს მათ მიერ წარმოებული ვაქცინის შენახვაში ადანაშაულებს და ქვეყნებს სოლიდარობისა და ვაქცინის გაზიარებისკენ მოუწოდებს.

დღის ამბები