თსუს სტუდენტებმა, რომლებმაც რიონის ხეობის მცველების მხარდასაჭერი აქცია უნივერსიტეტის ეზოში გამართეს, მსვლელობით მზიურის პარკში გადაინაცვლეს სადაც კარვები გაშალეს.
აქციის მონაწილეებს, კარვების გაშლის უფლება პარკის დაცვის თანამშრომლებმა თავდაპირველად არ მისცეს, რასაც მცირე ხმაური მოჰყვა.
პირმა რომელიც, აქციის მონაწილეებს მერიის წარმომადგენლად გაეცნო, სტუდენტებს მოუწოდა პროტესტი სხვა ფორმით და სხვა ტერიტორიაზე გამოხატონ, თუმცა ჰესის მოწინააღმდეგეების მხარდამჭერებმა მზიურის ტერიტორიაზე კარვები მაინც გაშალეს.
სტუდენტები ამბობენ რომ კარვის გაშლით, სოლიდარობას უცხადებენ გუმათში მყოფ აქციის მონაწილეებს.
მათი თქმით იმ ტერიტორიაზე, სადაც კარვები გაიშალა, მოიწვევენ სხვა სტუდენტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და დარგის სპეციალისტებს, რათა ნამახვანჰესთან დაკავშირებით დისკუსიები გამართონ.
23 მაისს კი თბილისში დაგეგმილ საპროტესტო აქციას შეუერთდებიან, რომელიც რიონის ხეობის მცველებმა რამდენიმე კვირის წინ დაანონსეს.